ახალი ამბები

ომბუდსმენი: კანონონპროექტში შეზღუდვების კონსტიტუციური სტანდარტი ასახული არ არის

21 მაისი, 2020 • 931
ომბუდსმენი: კანონონპროექტში შეზღუდვების კონსტიტუციური სტანდარტი ასახული არ არის

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარუდგინა იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობას საშუალებას მისცემს, პარლამენტის გვერდის ავლით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს თითქმის იდენტური შეზღუდვები.

საქმე ეხება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა აღნიშნავს, რომ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

სახალხო დამცველის თქმით, კანონპროექტის თანახმად, მთავრობა აღიჭურვება უფლებამოსილებით კანონმდებლობისაგან განსხვავებულად მოაწესრიგოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ასვე ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას:

“პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი.

ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით)” ,- ამბობს ომბუდსმენი.

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს:

“ჩვენს წერილობით მოსაზრებაში შემოთავაზებული გვაქვს ალტერნატიული ფორმულირებები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს მოსაზრებებს. თავის მხრივ, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში მივაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს”, – ამბობს ომბუდსმენი.

ვრცლად:

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი