ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მოუწოდებს დამსაქმებლებს, ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება განიხილონ, იუწყება „გარდიანი“.
„ფეისბუქზე“ მიმდინარე პირდაპირი ვიდეოჩართვისას არდერნმა გაახმიანა ოთხდღიანი სამუშაო კვირისა და მეტი დასვენების დღის შემოღების იდეა, რითიც, მისი თქმით, ეკონომიკის სტიმულირება და შიდა ტურიზმის განვითარება უნდა მოხდეს — ახალი ზელანდიის საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამჟამად ჩაკეტილია.
როტორუადან — ქვეყნის ერთ-ერთი ტურისტული ჰაბიდან საუბრისას არდენმა განაცხადა, რომ ურო მეტი ახალი ზელანდიელი იმოგზაურებდა ქვეყნის შიგნით, მოქნილი სამუშაო კალენდარი რომ ჰქონოდა.
„ბევრი ადამიანისგან გავიგე, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა უნდა გვქონდეს. მთლიანობაში, ეს მოსწონთ დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, იმდენი რამ ვისწავლეთ კოვიდზე, ადამიანების მიერ სახლიდან მუშაობის მოქნილობაზე და აქედან წამოსულ პროდუქტიულობაზე, რომ მართლა მოვუწოდებთი ხალხს, იფიქრონ ამაზე [ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაწესებაზე], თუ დამსაქმებლები არიან და შეუძლიათ. დაფიქრდით, იქნებ ესაა ის, რაც თქვენც დაგეხმარებათ იმიტომ, რომ ის ნამდვილად შეეშველება ტურიზმს ქვეყნის მასშტაბით“, — განაცხადა არდერნმა.
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1 153 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გარეკანის ფოტო: EPA