ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი შიშობს, რომ ივნისის ბოლოს 30 000 დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი იქნება

20 მაისი, 2020 • 1837
ფაშინიანი შიშობს, რომ ივნისის ბოლოს 30 000 დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი იქნება

“თუკი ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ სიტუაციას, 29 მაისს – 10 ათასი, 12 ივნისს – 20 ათასი, ივნისის ბოლოს კი 30 ათასი დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი გვეყოლება”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით მოსახლეობისადმი მიმართვისას.

“ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს თავიდან დავაწესოთ ყველაზე მკაცრი აკრძალვები. თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალება, ეს არ გავაკეთოთ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პირად პასუხისმგებლობაზე. ინდივიდუალურ დონეზე ეს არის სოციალური დისტანცია და ურთიერთობა პირბადით. მაგრამ დღეს ქუჩებში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ახლო მანძილზე პირბადის გარეშე საუბრობენ, თითქოს, არც არაფერი მომხდარა”.

ამასთან, პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ყველა მოთხოვნა, მათ შორის დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარებასთან და დაკრძალვების ცერემონიალებთან დაკავშირებით.

“ყველა დაჯარიმდება და მერე არ თქვათ, რომ ცუდი სოციალური პირობები გაქვთ და ვერ გადაიხდით. თუ ცუდ პირობებში ხართ, მაშინ დაიცავით წესები”.

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5000-ს გადააჭარბა, თუმცა ქვეყანაში მოიხსნა რიგი შეზღუდვები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კვების ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით.

დღეის, 20 მაისის მონაცემებით, სომხეთში 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებით, გაზრდილი სტატისტიკის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების მიზნობრივად გამოყენების გამო უსიმპტომო პაციენტები სახლებში, პოლიკლინიკების ექიმების რეკომენდაციებით დარჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი