ახალი ამბები

რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

19 მაისი, 2020 •
რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერში” თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებით მან ქვეყანას ააცილა კრიზისი და არ გაკვირვებია ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ამის შემდეგ მიიღო.

რ2-ის ჟურნალისტმა დავით კაკულიამ მას ჰკითხა, როგორ მიიღო ის რეაქცია, თუნდაც “ქართული ოცნებიდან”, რაც აღნიშნული შეწყალების აქტს მოჰყვა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის ეს მოსალოდნელი იყო და ამ ვითარებიდან “სასიამოვნოს არაფერს ელოდა:

“სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი, რაც ვნახეთ სოციალურ ქსელში, ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის. ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, მე რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი. ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ კრიზისში, რომელსაც ჰქვია კოვიდი, სადაც ჩვენ გავიარეთ პირველი ეტაპი ქვეყნისთვის სასიკეთოდ და ძალიან კარგად. არავინ იცის, კიდევ რამდენი ეტაპი გველის. ამ პირობებში ნებისმიერი დაძაბულობა და მცდელობა არეულობის შეიძლება ორ და ათმაგად დაგვიბრუნდეს. ეს არის ჩემი აზროვნების და მსჯელობის მთავარი ელემენტი”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არიან ძალები, “რომლებსაც არ სურთ მშვიდობიანი არჩევნები, ქვეყანაში მშვიდობა, არც ეს წარმატება, არც ქვეყნის ეკონომიკური გამოსწორება.”

სალომე ზურაბიშვილი როგორც ამბობს, მისი მთავარი მისიაა, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე და ის ჩატარდეს ისე, როგორც ეს არის დაგეგმილი.


15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი