ახალი ამბები

“ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”, მითხრა ივანიშვილმა, როდესაც შეწყალებაზე ვაცნობე – ზურაბიშვილი

19 მაისი, 2020 • 1479
“ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”, მითხრა ივანიშვილმა, როდესაც შეწყალებაზე ვაცნობე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც მან “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აცნობა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა რეაქცია ჰქონდა ივანიშვილს, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო.

“ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, მითხრა, ისევე როგორც პირველივე დღიდან, როცა არჩეული ვიყავი, ივანიშვილმა მითხრა, რომ იცოდეთ, ჩვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად, მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს, და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლიდა თუ არა ივანიშვილი, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება იყო გამოსავალი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის.

“არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობლივი მსჯელობა”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

ჩვენ ამ საკითხებში არ და ვერ ჩავერევით – მდინარაძე პოლიტიკოსების შეწყალებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი