ახალი ამბები

საქართველოში “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

19 მაისი, 2020 • 3574
საქართველოში “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოში ორგანიზაცია “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს, რევაზ გოგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგიძის საქმეზე 14 მაისს გამოაცხადა.

გოგიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქეპუნქტით  წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

საქმის შესახებ მეტი დეტალის გაგებას “ნეტგაზეთი” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცდილობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 153 ათას ლარს შეადგენს.

თავად რევაზ გოგიძე რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება, მას პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა. გოგიძე საკუთარ “ფეისბუკ” ჩართვაში ბრალდებებს უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში მის საქმიანობას, კერძოდ კი,”უკვდავ პოლკს” უკავშირებს.

გოგიძე ამბობს, რომ სტამბულში, სადაც მისი შვილიშვილი მკურნალობს, 8 თვეა იმყოფება და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტიცებულება ფალსიფიცირებული იყო. “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მსოფლიოში “უკვდავი პოლკის” მსვლელობის (რომელიც 9 მაისს იმართება ხოლმე) საორგანიზაციო საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე საქართველოს კოორდინატორად რევაზ გოგიძე ფიგურირებს. ამ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში ცალკე სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. “უკვდავი პოლკი”, რევაზ გოგიძის ორგანიზებით, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად, 9 მაისს, მათი შეკრების ადგილი ვაკის პარკია, თუმცა წელს შეზღუდვების გამო ღონისძიება ონლაინ ჩაატარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი