ახალი ამბები

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ვენესუელასა და კონგოს დრ-ში ტარდება, რუსეთში – არა

2 მაისი, 2023 • 824
„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ვენესუელასა და კონგოს დრ-ში ტარდება, რუსეთში – არა

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებისადმი მიძღვნილი პროპაგანდისტული აქცია „უკვდავი პოლკი“, რომელიც რუსეთში პუტინის ხელისუფლებისას დაარსდა, წელს მხოლოდ ვენესუელასა და კონგოში ჩატარდება.

რუსეთში აქციაზე უარი უკრაინასთან ომის გამო თქვეს. ადგილობრივი თუ ფედერალური დონის ჩინოვნიკების თქმით, არ სურთ აქციით მოწინააღმდეგის „პროვოცირება“. სავარაუდოდ, ისინი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების, დრონის თავდასხმებს გულისხმობენ.

თუმცა, რუსეთის ნაცვლად მსვლელობა შედგება ვენესუელაში, ხოლო უკვე შედგა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ორივე სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსკოვთან.

რუსეთის საელჩო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამბობს, რომ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის მოქალაქეების გარდა გაეროს მისიის წარმომადგენლებმა და რუსეთის მხარდამჭერმა ადგილობრივებმა მიიღეს.

ვენესუელის ორ ქალაქში მსვლელობები 6 და 9 მაისსაა დაგეგმილი.

აქცია, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ წამოიწყო, კრემლის მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენება და რუსი ოპოზიციონერებისა თუ აქტივისტების თქმით, არაფერი აქვს საერთო გერმანიასთან ომში დაღუპულების ხსოვნასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი