ახალი ამბები

საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ონლაინ ჩატარებას გეგმავენ

4 მაისი, 2020 • 1437
საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ონლაინ ჩატარებას გეგმავენ

საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ჩატარებას ონლაინ-რეჟიმში აპირებენ. შესაბამის განცხადებას ორგანიზატორები თავიანთ ფეისბუკ-გვერდზე რუსულ ენაზე ავრცელებენ.

„უკვდავი პოლკი“ რუსეთში წამოწყებული მსვლელობაა, რომლის მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. პირველი აქცია 2012 წელს რუსეთში ჩატარდა. ორგანიზატორების ცნობით, აქცია არაკომერციული და აპოლიტიკურია, თუმცა მასში მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები — მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

2019 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა საქართველოშიც ჩატარდა. მაშინ მის პარალელურად აქტივისტებმა კონტრაქცია გამართეს.

ორგანიზატორების განცხადებით, მათი „აქცია იქნება მთელს მსოფლიოში [მიმდინარე] ონლაინ-მსვლელობის ნაწილი. გამარჯვების 75 წლის იუბილე ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა საქართველოში ჩვენს თანამედროვე, საერთო ისტორიაში“.

ორგანიზატორები აგრეთვე აცხადებენ, რომ 2019 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ „საქართველოს უკვდავი პოლკი“ ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და მხოლოდ მათ აქვთ ამ სახელის გამოყენების უფლება.

გარეკანის ფოტოზე: “უკვდავი პოლკის” წევრები და სტალინისტები ვაკის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი