ნეტგაზეთი | საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI – Netgazeti

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საკარანტინო ღონისძიებების სახით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვის გამოყენების წესსა და მასშტაბებს მთავრობა განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს:

  • საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
  • პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
  • საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
  • ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

“აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგალითად, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონის პროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. TI-საქართველო მიიჩნევს, რომ ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს და ითვალისწინებს საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, მიუთითებს პარლამენტის როლის იგნორირებაზე ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას და ამბობს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები, წარმოდგენილი პროექტით კი, სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა არაკონსტიტუციური შეზღუდვა. პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს. პანდემია, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა, არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და დასძენს, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა, მათ შორის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების, უზრუნველყოფა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს.

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.