ახალი ამბები

თუ არასტაბილური ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე – ჯაში

19 მაისი, 2020 •
თუ არასტაბილური ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე – ჯაში

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს არ უჭერს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გაატაროს.

მარიამ ჯაშის თქმით,  თუკი მომდევნო თვეების განმავლობაში იმდენად არასტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს, რომ ამ კანონის მიღება გახდეს საჭირო, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს არჩევნების გადავადებაზე.

“ჩვენ ვნახეთ, რომ კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მართვის დროს ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია არამარტო საქართველოში. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება საარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, პარლამენტს რომ ჰქონოდა რეგულარული კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შეიძლება, კითხვები არ გაჩენილიყო იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეპიდსიტუაციის მართვა.

“არსებული სტატისტიკით მხოლოდ მისასალმებელი შედეგებია, მაგრამ, ამასთანავე, არც ერთხელ არ ჩაგვიტარებია სეროპრევალენტობის კვლევა, ზოგად პოპულაციაში ანტისხეულების დადგენის ტესტი. შეგვიძლია ექსპერიმენტი ჩავატაროთ პარლამენტში. არ ვიცით რეალურად გავრცელების დონე ქვეყანაში, რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი. რატომ ვიკავებთ თავს მსგავსი კვლევების ჩატარებისან?”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერაში “ოცნება” დარჩება მარტო, რადგან არგუმენტები საკმარისი არ არის.

“თუკი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეების მანძილზე, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომ ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროს, თუნდაც თეორიულად, მისთვის არასასურველი საარჩევნო უბანი დაკეტოს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი