ახალი ამბები

ჩინეთის ქალაქ შუჰანში ვუჰანის მსგავსი კარანტინი დააწესეს

19 მაისი, 2020 •
ჩინეთის ქალაქ შუჰანში ვუჰანის მსგავსი კარანტინი დააწესეს

ჩინეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის აფეთქების შემდეგ,  ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით მდებარე ქალაქ შუჰანში ვუჰანში დაწესებული კარანტინის მსგავსი ზომები შემოიღო, წერს „გარდიანი“.

ხელისუფლების მიერ დაწესებული წესების თანახმად, ერთი შინამეურნეობიდან გარეთ გასვლა მხოლოდ ორ დღეში ერთხელ ერთ ადამიანს შეეძლება, ისიც აუცილებელი მოთხოვნილებისთვის.

გარდა ამისა, ქალაქში აიკრძალა იმ პირების შესავლა, რომლებიც მისი მკვიდრები არ არიან, ხოლო კონკრეტულ რაიონში ვირუსის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მისი დატოვება არავის შეეძლება.

გასულ კვირას ქალაქ შუჰანში გაჩნდა კორონავირუსით დაავადების ახალი კლასტერი, რომელიც უკავშირდება ქალს მოგზაურობის ისტორიის ან ვირუსთან ექსპოზიციის გარეშე. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დროებით დაკეტა სკოლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ორშაბათს კი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა, ჩინეთში ქალაქს „ქვეყანაში პანდემიის უახლეს ცხელ წერტილად მოიხსენიებენ“.


კორონავირუსის პანდემია თავდაპირველად სწორედ ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაიწყო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 84,063 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 638 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 79 310.

მასალების გადაბეჭდვის წესი