ახალი ამბები

არ მჭირდება ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზადაა, თავი გაუჩეჩქვოს თანამოქალაქეს განსხვავებულობისთვის – მელია

19 მაისი, 2020 • 4260
არ მჭირდება ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზადაა, თავი გაუჩეჩქვოს თანამოქალაქეს განსხვავებულობისთვის – მელია

“თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა,რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნებ ეს ლგბტ თემის წევრი თუ სხვა”, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის”ეთერში 17 მაისზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ადამიანების უფლებების დაცვა არა მხოლოდ კონკრეტულ დღეს, არამედ ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, განცხადება უნდა გაევრცელებინა.

“ვაღიარებ, რომ ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება არ გამიკეთებია და უნდა გამეკეთებინა გუშინ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამის თაობაზე…

არამარტო იმ კონკრეტულ დღეს. ამასაც უნდა გადავეჩვიოთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს თანასწორი. ყველა ადამიანს. მარტო 17 მაისი და კონკრეტული თარიღი კი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივსაცემოდ”, – თქვა მან.

ნიკა მელიამ 90-იან წლებში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდთან შედარებით დღეს გაცილებით მეტი ადამიანია მზად, უმცირესობათა უფლებებზე ისაუბროს და დაიცვას ისინი.

“ჩვენ პროგრესს განვიცდით, ხომ? საუბარი იყო, რომ [ეს იყო] საფრთხის მატარებელი პოლიტიკოსებისთვის… თითქოს ვიღაც ადამიანს თუ დაიცავდი, ეს იყო პოლიტიკურად წამგებიანი. ქერჩის ქუჩა არის ასეთი, გრძელი ქუჩა, გლდანის რაიონში. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაშინ იეჰოვას მოწმეებს ძალდატანებით თავს როგორ პარსავდნენ. ეს იყო 98 წელი, 18 წლის ვიყავი. ელექტროსაპარსით პარსავდნენ თავს. ამაზე მაშინ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები საუბრობდნენ. დღეს მე ვფიქრობ, არმიაა ხალხისა, ვინც უმცირესობებს იცავს. ამიტომ მხოლოდ ერთ თარიღზე არ უნდა ავიღოთ სწორება”, – თქვა მან.

მელიას თქმით, ქვეყანას ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად “ჯერ კიდევ რამდენიმე წელიწადი სჭირდება”, რასაც საბჭოთა მენტალობით ხსნის, რომელიც კვლავაც არსებობს.

“ჩვენ გვინდა, ერთი დიდი, გიგანტური ნაბიჯი გადავდგათ კიდევ ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ. მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეგობარი უკან გვექაჩება. სადღაც შუაში ვართ”.

მელიას თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამ ყველა ადამიანის უფლებები აღიაროს, თუ მას განვითარება სურს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არ სჭირდება იმ ადამიანთა ხმები, ვინც მზადაა, თანამოქალაქეს განსხვავებულობის გამო გაუსწორდეს.

“”კავკასიური ტყვე ქალი” რომ არის: გვექაჩება ცუდი გაგებით ერთი ჩრდილოელი მეგობარი უკან წარსულში, მტკივნეულ წარსულში და მეორე მხრივ, კარგი გაგებით, ხელს არ გვიშვებს ჩვენი დასავლელი პარტნიორი. ჟირინოვსკის, პუტინის პოლიტიკური ელიტა ვერასდროს შეეგუება განსხვავებულ ადამიანს რუსეთში. თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წევრი თუ სხვა.

ეს არის ორჯერ ორი ოთხი და თუკი ჩემი განცხადება, მაგალითისთვის, რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, პირობითად ვამბობ, დაე, არ მომცეს. მე მიმაჩნია, რომ არ მჭირდება ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზად არის, თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული. უცნაური კი არა, განსხვავებული”, – აღნიშნავს მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი