ახალი ამბები

მე “პოლიტიკური პატიმრები” არ შემიწყალებია – ზურაბიშვილი ევროპარლამენტარს

18 მაისი, 2020 • 2722
მე “პოლიტიკური პატიმრები” არ შემიწყალებია – ზურაბიშვილი ევროპარლამენტარს

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის სახით პოლიტპატიმრები არ შეუწყალებია, რადგან საქართველოში ისინი არ არსებობენ. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, მისი მხრიდან აღნიშნული ტერმინის გამოყენების შემდეგ.

“უფრო ზუსტად, მე არ შემიწყალებია “პოლიტიკური პატიმრები”. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მოხარული ვიქნები, თუ ამ ფაქტს მხედველობაში მიიღებთ საქართველოს საკითხების კომენტირებისას”, – დაწერა მან.

მანამდე, ევროპარლამენტარი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ.

“მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას”, – დაწერა მან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი