ახალი ამბები

მერიამ ლგბტ აქტივისტებს ცისარტყელის ფერებით ანძის განათებაზე უარი უთხრა

17 მაისი, 2020 • 2030
მერიამ ლგბტ აქტივისტებს ცისარტყელის ფერებით ანძის განათებაზე უარი უთხრა

თბილისის მერიამ ლგბტ აქტივისტებს ცისარტყელის ფერებით ანძის განათებაზე უარი უთხრა. დღეს, 17 მაისს, მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება, ცისარტყელა კი ლგბტ მოძრაობისა და მრავალფეროვნების სიმბოლოა.

“საზოგადოების  ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის  ანძის განათების  პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და   უწყებები, საელჩოები  მიმართავენ მერიას   შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის  განათება ხდება.

კონკრეტულად, 17-18  მაისის განათებაზე  შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი  ორგანიზაციის და  ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი.  შესაბამისად, ჩვენ ვერ  დავარღვევთ  ტრადიციას და ვერ  გამოვტოვებთ ანძის  განათებას თურქმენეთის დროშის  ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან  დაკავშირებით”, – აცხადებს თბილისის მერია. თურქმენეთი კონსტიტუციის დღეს 18 მაისს აღნიშნავს.

მერიისვე ინფორმაციით, მათ რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციისგან მიიღეს ანძის განათებაზე თხოვნა.

“რაც შეეხება  მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების   წერილებს, მათი   იდეური მრავაფეროვნებიდან და  მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე,  მიღებულია ისეთი  გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და  სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა  განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა  მსოფლმხედველობის,  ან ცხოვრების წესის  მიხედვით დანაწევრებული  საზოგადოება.

ამ ქვეყანაში  ტოლერანტობას  ვერასდროს  ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და  ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო  უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე  თანაბრად, მათი  სექსუალური, ეთნიკური  თუ კონფესიური  კუთვნილების მიუხედავად”, – აცხადებს თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი