ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი ტვიტერის გვერდზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეიტლებას ეხმაურება და მას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:
“მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში – პრეზიდნტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციის ლიდერები, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს” – წერს ევროპარლამენტარი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.
“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.