ახალი ამბები

ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რას იზამენ სხვა მაჟორიტარები?

15 მაისი, 2020 • 1232
ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რას იზამენ სხვა მაჟორიტარები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ოქრიაშვილი, რომელიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა, ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის პრინციპულია და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

“მე ვფიქრობ, ყველა დაუჭერს მხარს, მაგრამ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება პოლიიტკური ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერს უმცირესობაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს არავითარი ფასი არ აქვს, მით უმეტეს, რომ მაჟორიტარული სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე პროპორციული”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილის თქმით, მის ფრაქციაში „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ შემავალი დანარჩენი ხუთი დეპუტატი საკონსტიტუციო რეფორმას მხარს დაუჭერს. მათ შორის არის ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი ენზელ მკოიანიც.

“მე ერთი რეგიონიდან 5-ჯერ ვიყავი არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, რომ მაჟორიტარების რაოდენობა მცირდება. მაგრამ მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, მზად ვარ მხარი დავუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მკოიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში 6 ფრაქცია შედის. აქედან ყველაზე დიდ ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ (58 წევრი), რომელშიც პარლამენტის ხელმძღვანელი პირები შედიან, აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ერთგული რჩება და საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულად დაუჭერს მხარს, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების ჩათვლით.

“დაცულია ძირითადი პრინციპი, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგიონებს მაჟორიტარული წარმომადგენლები დარჩება. მართალია, უფრო ნაკლები, მაგრამ ამომრჩეველს ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული მაჟორიტარი. შესაბამისად, ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერ. ვფიქრობ, უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციაზეა”, – ამბობს ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელიც ერთ-ერთი იყო 40 დეპუტატს შორის, რომელმაც გასულ წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმა ჩააგდო.

დანარჩენი 5 ფრაქციის ხელმძღვანელობამ, გარდა ოქრიაშვილისა, “ნეტგაზეთს”, ასევე, დაუდასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა წევრით მხარს უჭერენ.

“რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც საერთაშორისო დონეზე გვაქვს აღებული და რა პირობაც მივეცით მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “მწვანეთა პარტია”, სრული შემადგენლობით, მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს და ოპოზციას არ მისცემს საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძეც აცხადებს, რომ ფრაქციის ექვსივე წევრი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხმას მისცემს.

10 წევრი ჰყავს ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა მხეიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მათგანი მხარს დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ფრაქციის სრული, 6-კაციანი შემადგენლობით მხარდაჭერას აანონსებს „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე.

“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ყოფნის ამ საკითხს. მე არ ვიყავი შეთანხმების მონაწილე, მაგრამ ვფიქრობ, ვინც იყო, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ”, – განაცხადა აბუსერიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის პირობას დებენ მაჟორიტარი დეპუტატები: ანზორ ბოლქვაძე, კობა ლურსმანაშვილი და მუხრან ვახტანგაძეც, რომლებმაც პროპორციული სისტემის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის, ე.ი. 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში 149 დეპუტატი ირიცხება, აქედან 93 წევრი – “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში. კახა ოქრიაშვილი ერთადერთია მმართველი გუნდიდან, ვისაც დაანონსებული აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მაშასადამე, დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, “ქართულ ოცნების” ხმების გარდა, დამატებით 21 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი