ახალი ამბები

იმედია, 1 ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და ჩვეულ რეჟიმში გადავალთ – რატიანი

15 მაისი, 2020 • 1101
იმედია, 1 ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და ჩვეულ რეჟიმში გადავალთ – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში რამდენიმე დღეა, რაც კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ და თუ ასე გაგრძელდება, კლინიკა 1 ივნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეწყვეტს და სხვა პაციენტების მომსახურებაზე გადავა. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“დაახლოებით 6-7 დღეა ჩვენს კლინიკას ახალი შემთხვევა არ მიუღია, რაც ძალიან გვახარებს… ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კოვიდთან ბრძოლას ჩვენი კლინიკა შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულ რეჟიმში და მოვემსახურებით ჩვეულებრივ პაციენტებს”, – განაცხადა რატიანმა.

15 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსებულია 404 ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო და 14 მაისამდე 24 საათში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10-ს არ აჭარბებდა. გუშინ, 14 მაისს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი