ახალი ამბები

თუ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, ქართველი ხალხი დაზარალდება – კუბილიუსი 

14 მაისი, 2020 • 1928
თუ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, ქართველი ხალხი დაზარალდება – კუბილიუსი 

“თუ [საქართველოს] ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, ქართველი ხალხი დაზარალდება და არა მმართველი პარტია”,- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა 14 მაისს ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან ერთად”. 

ეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მეორე განცხადებაა დღეს – მანამდე მან ტვ პირველთანაც ისაუბრა. 

“ახლახან მივიღე პასუხი [საქართველოს] პარლამენტის თავმჯდომარისგან –  არ გამკვირვებია, ოღონდ მე არ მითქვამს, რომ უკმაყოფილო ვარ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გზავნილი ამერიკის კონგრესის ლიდერებისგანაც. სენატის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარისგან, ევროპარლამენტერებისგან და ეს გზავნილი მარტივია: გვაშფოთებს, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს საერთაშორისო ნდობა, ნდობა მეგობრების, რომლებსაც სურთ ნახონ, როგორ  ავითარებს საქართველო დემოკრატიას, როგორი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვს”, – განაცხადა კუბილიუსმა “ფორმულას” თარგმანის მიხედვით და დასძინა: 

“მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ეს გაითვალისწინონ – რაც ითქვა  8 მარტის შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს. სამწუხაროდ, სასამართლოს პოლიტიზირება ისევ ხდება. ასე რომ, დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, როგორ შეასრულებს თავის დაპირებას ამგვარი პრაქტიკის დასასრულებლად”. 

კითხვაზე, 14 მაისს ესაუბრა თუ არა მამუკა ხაზარაძეს, კუბილიუსმა უპასუხა, რომ ის ყველა პოლიტიკურ პარტიას ესაუბრება, მათ შორის მმართველ პარტიასაც: 

“ახლა ვხედავ, რომ მმართველი პარტიის გამო შეიძლება არ შესრულდეს დაპირება, რომ აღარ იყოს სასამართლოს პოლიტიზირება. უნდა დასრულდეს სასამართლოს საქმეები, რომლებიც პოლიტიკურად აღქმული ხდება.  არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამან შეიძლება საქართველოს დიდი პრობლემა შეუქმნას. 

დახმარება ქვეყნებისთვის დამოკიდებულია რამდენიმე რამეზე – რამდენად ბევრს აკეთებენ ქვეყნები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, არჩევნების გამჭვირვალობის კუითხით.  ეს უნდა გაიგოს საქართველომ. პრობლემა ისაა, რომ თუ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, მმართველი პარტია კი არა, ქართველი ხალხი დაზარალდება, რადგან დახმარება ქართველი ხალხისთვისაა და არა მთავრობისთვის, ან მმართველი პარტიისთვის”, – განაცხადა კუბილიუსმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი