პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძილაძის თქმით, მეთორმეტე გარდაცვლილი პაციენტი კორონავირუსისგან 29 აპრილს განიკურნა, თუმცა ვირუსმა მისი თანმხლები დაავადებების გამწვავება გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ტურძილაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართულ-გერმანული კლინიკიდან 12 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა იმ დროისთვის უკვე მძიმე იყო.
“პაციენტს ჩაუტარდა ორჯერადი ტესტი და 29 აპრილს დადასტურდა, რომ მას კორონავირუსი აღარ ჰქონდა. თუმცა პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები: ორმხრივი მწვავე პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინარფქტი, გულის ყველა სარქვლის უკმარისობა, ფილტვების ორმხივი დაზიანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სეფსისი, სეპტიცემია, თირკმლების მწვავე უკმარისობა და გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობით პაციენტი გარდაიცვალა”, – განმარტა ტურძილაძემ.
კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტი, გუშინ, 13 მაისის საღამოს გარდაიცვალა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებისას მას კორონავირუსი არ უდასტურდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თანმხლები დაავადებების გართულება სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია, ის კოვიდ-19-ით გარდაცვლილად ითვლება.