ახალი ამბები

ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება – გახარია

14 მაისი, 2020 • 1078
ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

როგორც გახარიამ დღეს, 14 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, ტერმინალი ამერიკული ფონდის ინვესტიციებით შენდება და მისი ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. პრემიერის თქმითვე, ეს პროექტი იმის მაგალითია, თუ როგორ ზრუნავს მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. გახარია ასევე ამბობს, რომ შავი ზღვისპირეთში “საპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად “მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამასთან, “ახალი პორტების მშენებლობასაც ხელი უნდა შეეწყოს”.

“ყველაფერი გავაკეთეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისთვის. ამის მაგალითია ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამ პროექტში პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს. პროექტი დაიწყო და 30 მლნ აშშ დოლარი უკვე გადმოირიცხა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი