ახალი ამბები

არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძე/ ჯაფარიძემ “ფული გაათეთრეს” – TI-ის საერთაშორისო ექსპერტი

14 მაისი, 2020 •
არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძე/ ჯაფარიძემ “ფული გაათეთრეს” – TI-ის  საერთაშორისო ექსპერტი

საერთაშოორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გამოქვეყნა საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა  ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

დასკვნის თანახმად, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

TI-ის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში გამოაცხადეს საერთაშორისო ღია კონკურსი ფულის გათეთრების ექსპერტი იურისტის ასარჩევად. სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეფასებას და იმის დადგენას, თუ რამდენად შეიცავდა მათ მიერ 2008 წელს განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები ფულის გათეთრების ელემენტებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. TI-ის ცნობით, კონკურსის შედეგად შეარჩიეს პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი 30- წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

“საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  •  არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:
    o   სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
    o   თანხის „უკანონო  წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
    o   მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.
  • ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს  დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
  • საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ   მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში  ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.
  • ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.
  • საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
  • არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ  იღებს გადაწყვეტილებას”,-წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, პოლინ დევიდი საქართველოში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირსა და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. TI-ის ინფორმაციით, ის ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიაწოდეს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა.

საქმის მასალების საფუძველზე ადვოკატი ასკვნის შემდეგს: “საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, ვერ მტკიცდება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის ან ავთანდილ წერეთლის მიერ ფულის გათეთრების ჩადენის ფაქტი.

“არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს დაადასტურებდა. ბრალდებულების ქმედებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა პრედიკატული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს. მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

სასამართლოები არასდროს ემხრობოდნენ ფულის გათეთრების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების ისეთ პრაქტიკას, როდესაც ქმედება არ სცდება სავარაუდო პრედიკატულ დანაშაულს და როდესაც სახეზე არ არის ფულის გათეთრების ქმედების შემადგენლობა. მოცემულ საქმეში ბრალდებულების მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება ხანდაზმულია, ხოლო ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლის მიზნით პირის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაა, რაც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა ბრალდებულის უფლებების დაცვას ითვალისწინებს”.

იურისტის მიერ მომზადებული დასკვნა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი