ახალი ამბები

ტელევიზიებში შემოსავლების კლებას პოლიტიკური რეკლამა დააკომპენსირებს – GNCC

13 მაისი, 2020 • 1569
ტელევიზიებში შემოსავლების კლებას პოლიტიკური რეკლამა დააკომპენსირებს – GNCC

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNCC) მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო 2020 წელს მოსალოდნელია ტელევიზიებისთვის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება. თუმცა მარეგულირებელი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კლებას დააკომპენსირებს პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები, რადგან შემოდგომაზე დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები.

GNCC-იმ 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების სტატისტიკა და პროგნოზი დღეს, 13 მარტს გამოაქვეყნა. კომისიის განცხადებით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა და მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიოკომპანია თრიალეთს – 317% დაუფიქსირდა, რომელსაც 231%-ით სტუდია მაესტრო მოსდევს.

კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჯი-დი-ეს თივის – 56%, ტელეკომპანია პირველს – 50%, ხოლო ტელეიმედს 27%-იანი ზრდა დაუფიქსირდა.

სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მარეგულირებლის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, „სილქნეტს“ კი 65%-იანი კლება აქვს. ამასთან, 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი „რაგბი ტვ-ს“45%-ით, ხოლო „სეტანტა ჯორჯიას“ 40%-ით შეუმცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი – 5 404 783 ლარი;
  • სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2 555 286 ლარი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 438 038 ლარი;
  • ტელეკომპანია პირველი – 927 809 ლარი;
  • მთავარი არხი – 1 859 641 ლარი;
  • სილქნეტი – 229 656 ლარი;
  • ჯი-დი-ეს თი-ვი – 437 105 ლარი;
  • პოსტვ – 465 590 ლარი;
  • სეტანტა ჯორჯია – 140 829 ლარი;
  • რ.ბ.ჯ – 116 980 ლარი;
  • ტვ 25 – 123 116 ლარი;
  • პალიტრა ტვ – 109 692 ლარი;
  • სტუდია მაესტრო – 132 764 ლარი;
  • რაგბი ტვ – 53 573 ლარი;
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 46 468 ლარი;
  • ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი – 96 280 ლარი;
  • არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი – 48 890 ლარი;
  • ბასტი-ბუბუ – 34 570 ლარი;
  • ფოკუს სტუდიო – 36 529 ლარი;
  • სხვა – 402 317 ლარი.

2020 წლის მოლოდინები

რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, GNCC-ის ცნობით, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე:

“უკვე თვალსაჩინოა პანდემიის უარყოფითი გავლენა ტურიზმის სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში, 2019 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 8.1% იყო. შესაბამისად, ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მარტის თვისთვის უკვე ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-იანი კლება, ეს ტენდენცია, ცხადია, 2020 წლის სარეკლამო ბაზარზეც აისახება” ,- აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, სატელევიზიო კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამების თვალსაზრისით, 2019 წელს რეკლამის განმთავსებლების მიერ გენერირებული wGRP-ების (სატელევიზიო საეთერო დრო) გადანაწილების მიხედვით, ჯამური wGRP-ების დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრია და სერვისები, ფინანსები.

შესაბამისად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მიიჩნევენ, რომ 2019 წელს სწორედ ამ ტოპ კატეგორიების კომპანიების მიერ განთავსებულ რეკლამებს უნდა მოეხდინათ  სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილის გენერირება და სავარაუდოა, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები:

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებაზე მკვეთრი კლება შეინიშნება, ზოგზე კი, მატება, მთლიან სურათზე ეპიდემიის შედეგები მაინც ნეგატიურად აისახა. მაგალითისთვის, მოთხოვნა 53%-ით გაიზარდა სურსათის კატეგორიაზე, 52%-ით კი -ტელეკომუნიკაციების სფეროზე. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, wGRP-ების რაოდენობა მაინც 25%-ით შემცირდა. სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით გენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში – 4%-იანი კლება ფიქსირდება” ,- აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების კომისიის თქმით, სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში, ვინაიდან, 2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა კომისია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას:

“ამასთან, 2020 წელი საარჩევნო წელია და, სავარაუდოდ, ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას. კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება”, – აცხადებენ კომისიაში.

კორონავირუსი: რა ელის მედიის სარეკლამო შემოსავლებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი