მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებების გამო არაერთი ბიზნესი კრიზისის პირასაა: იხურება საწარმოები, სავაჭრო ობიექტები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. შემოსავლების კლების გამო კი მოსალოდნელია, რომ ისინი მკვეთრად შეამცირებენ ან შეწყვეტენ სარეკლამო დანახარჯებს.
აღნიშნული პირდაპირ აისახება განსაკუთრებით იმ მედიასაშაულებების მუშაობაზე, რომელთა შემოსავლის წყარო კომერციული რეკლამაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდებიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც მხოლოდ სარეკლამო შემოსავალზე არიან დამოკიდებული და მათ მფლობელებსაც არ აქვთ დიდი ფულადი რესურსები.
“ნეტგაზეთი” რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როგორ ხვდებიან ისინი კორონავირუსის გავრცლეებით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას.
მოლოდინები
“მთავარი არხის” გენერალური დიერქტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში უკვე რამდენიმე კომპანიისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულმა კომპანიებმა, შესაძლოა, რეკლამის დაკვეთა შეწყვიტონ. თუმცა, როგორც გვარამია ამბობს, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ “შესაძლებლობის ფარგლებშია”.
“ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ კრიზისის ფონზე ასეთი რამ თქვეს. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც რეკლამის მსხვილი დამკვეთია”, – უთხრა გვარამიამ ნეტგაზეთს.
კრიზისის მოლოდინშია ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი ინგა გრიგოლიაც, რომელმაც “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ რეკლამების ხარჯზე მუშაობენ და არავითარი დოტაცია არ აქვთ.
“თუ არ ვცდები, ის იშვიათი გამონაკლისი ვართ, რომელიც მხოლოდ რეკლამებით მუშაობს და დოტაციაზე არ ვზივართ. ჯერჯერობით კრიზისი არ არის სახეზე, მაგრამ ტენდენცია არის უკვე, რომ შესაძლებელია რეკლამები შემცირდეს იმიტომ, რომ ჩერდება მთელი რიგი ბიზნესებისა და ეს რეალობა თუ დადგა, ჩვენც მოგვიწევს თვალის გასწორება”, – განმარტა გრიგოლიამ.
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანია კრიზისის მოლოდინშია, თუმცა სარეკლამო დაკვეთებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება არ ყოფილა. როგორც სალია ამბობს, მიუხედავად ამისა, კრიზისის მოლოდინი მაინც არსებობს და განსაკუთრებული საფრთხე შეიძლება მაშინ დადგეს, თუ საგანგებო სიტუაცია გამოცხადდება:
“მოლოდინი, რა თქმა უნდა, კარგი არ გვაქვს. კონკრეტულად სარეკლამო სააგენტოებისგან ჯერჯერობით პროგნოზები არ შეცვლილა, თუმცა არ ვიცით, კრიზისთან მიმართებით საქართველოში რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ჯერ არ არის, ველოდებით. თუ მსგავსი კრიზისული სიტუაცია გაგრძელდა ან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამ შემთხვევაში გართულდება რეკლამის მოზიდვა. რაც შეეხება გეგმებს, ალტერნატიულ გეგმებზე ვმუშაობთ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ”, – უთხრა სალიამ “ნეტგაზეთს”.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ტელეკომპანია “იმედის” დირექტორ ნიკა ლალიაშვილსაც, რომელმაც იმ კომპანიასთან გადაგვამისამართა, რომელიც ტელეარხის რეკლამას ყიდის, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
რაც შეეხება პრესას, ნეტგაზეტი ესაუბრა “ინდიგოსა” და “ფორბსს”. “ინდიგოს” დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, აღნიშნული კრიზისი უკვე დაეტყოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სარეკლამო ბაზარი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისამდეც მცირდებიდა.
“სარეკლამო ბაზარი კრიზისამდეც არ იყო კარგ მდგომარეობაში. სულ უფრო მეტად გვქონდა კლების ტენდენცია და, შესაბამისად, ამ კრიზისმა პირდაპირი გავლენა სწორედ სარეკლამო ბაზარზე იქონია. რადგან სარეკლამო ხარჯი არის ერთგვარი დამატებითი ხარჯი კომპანიებისთვის და, ბუნებრივია, კრიზისის დროს სწორედ ამ ხარჯებს ამცირებენ.
ეს პირდაპირ აისახება მედიის შემოსავალზე. მცირე მედიასაშუალებები კი, როგორიც “ინდიგოა”, ცხადია, ყველაზე მეტად ზარალდებიან. ამ მხრივ ჩვენ უკვე შეგვექმნა პრობლემები. ჩვენ გვაქვს ტურისტული გამოცემაც, რომელსაც უფასოდ ვარიგებდით სხვადასხვა სასტუმროსა თუ კაფეში, თუმცა მათი დახურვიდან გამომდინარე შეწყდა ამ გამოცემის წარმოებაც, რაც დამატებითი პრობლემაა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ძველიშვილმა.
ძველიშვილის თქმით, კონკრეტულად “ინდიგოს”, როგორც ჟურნალს, გამოცემის პრობლემა არ შექმნია, რადგან ბოლო ნომერი გრანტის ფარგლებში გამოსცეს. გარდა ამისა, მათ აქვთ ხელმომწერების ქსელიც, რაც განაპირობებს ჟურნალის საცალო გაყიდვებზე ნაკლებად დამოკიდებულებას.
“ფორბსის” წარმომადგენლის, გიორგი ისაკაძის თქმით, კრიზისი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, თუმცა, კონკრეტულად როგორ გამოიხატება აღნიშნული მდგომარეობა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა:
“ცვლილებები ყველა შემთხვევაში იქნება, თუმცა კრიზისამდე ჯერ შორია. სარეკლამო ბაზარი კორონავირუსის გარეშეც არ იზრდებოდა, ის ისედაც იკლებდა. შესაბამისად, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ არსებულ პირობებში რაიმე სახის გაუმჯობესებაზე შეიძლება იყოს საუბარი. გეგმები ვერ ადაპტირდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ვითარებიდან გამომდინარე. მე ვვარაუდობ, რომ მედიაში თვის ბოლომდე გამოიკვეთება, თუ როგორი სიტუაცია იქნება, მაგრამ გარკვეული გადათამაშებები რომ მოხდება ამ სფეროში, ეს გარდაუვალია”, – უთხრა ისაკაძემ ნეტგაზეთს.
გეგმა კრიზისისვთის
ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კრიზისმა სერიოზული სახე მიიღო, ის არ გამორიცხავს ხელფასების კლებას და დამფუძნებლების ჩარევასაც, თუმცა კონკრეტული გეგმები ამ ეტაპისთვის ტელეკომპანიას არ აქვს:
“ამ ეტაპზე არც კრიზისის და არც გამოსავლის ხედვა არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბუნდოვანი მდგომარეობა. სავარაუდოდ, დაგვჭირდება დამფუძნებლების დახმარება, რაც მედიის დამოუკიდებლობაზე კარგად არ მოქმედებს”, – განაცხადა გვარამიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
“ტელეკომაპანია პირველის” დირექტორის, ინგა გრიგოლიას თქმით კი, კრიზისული ვითარების დადგომის შემთხვევაში, მათ აქვთ შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც ერთხელ, კრიზისის დროს უკვე გამოიყენეს:
“ადრე, როდესაც ტელევიზიას პრობლემები ჰქონდა, ყველა წამყვანი ერთად დავსხედით და გადავწყვიტეთ ხელფასების განახევრება და კიდევ უფრო შემცირება. დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ასე ვიმუშავეთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც დადგეს ეს რეალობა იმის მიხედვით, რომელი კომპანია გაჩერდება, თუკი გაჩერდებიან. ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს ფინასნური კრისიზი ისე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს, წამყვანების გარდა, ეს არ შეხებიათ”, – განმარტა გრიგოლიამ.
“ინდიგოს” დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით კი, გამოცემა ამ ეტაპზე გეგმის შემუშავების პროცესშია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტად სპეციალური კონტენტის შექმნა განიხილება:
“ახლა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების პერიოდში ვართ, როგორ გადავრჩეთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რადგან “ინდიგოს” შემოსავლების უდიდესი ნაწილი არის სწორედ სარეკლამო შემოსავლები, სხვა ტიპის შემოსავლები გვაქვს ძალიან მცირე. არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში დაგეგმილი გადაღებები უკვე გადავდეთ იმიტომ, რომ დამკვეთების უმრავლესობა არის ის ბიზნესი, რომელიც ამ კრიზისის ფონზე დაზარალდა (კაფე-ბარები, სასტუმროები…).
ჩვენ გაყიდვების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან ერთად ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა ახალი მიმართულებები მოვიფიქიროთ იმისთვის, რომ შემოსავალი მივიღოთ. ასევე, რა ტიპის მომსახურება შეიძლება შევთავაზოთ სხვადასხვა დამკვეთს. განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, ძირითადად ეს ეხება პროდუქტის შინაარსს”, – განაცხადა ძველიშვილმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-სა” და “ფორბსის” წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე ისინიც მუშაობონ გარკვეული გეგმის შემუშავებაზე, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამჟამად თავს იკავებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მისი საბიუჯეტო დაფინანსება მიმდინარე წლისთვის 60 მილიონს აჭარბებს და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლებზე არ არის დამოკიდებული.