რუსული წარმოების ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომლებიც რუსეთმა აშშ-ს დახმარების სახით აპრილში გადასცა, ამერიკულ საავადმყოფოებში არ გამოუყენებიათ და ისინი შტატების ხელისუფლებებმა აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა მართვის ადმინისტრაციას (FEMA) დაუბრუნეს, იუწყება „როიტერსი“ FEMA-ის პრეს-სპიკერ ჯანეტ მონტესის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ხელოვნური სუნთქვის აპარატები საავადმოყოფოებისთის არ გადაგვიცია. სიფრთხილიდან გამომდინარე, შტატები ამ აპარატებს FEMA-ს დაუბრუნებენ“, — აცხადებს მონტესი.
საუბარია Aventa-M-ის მოდელის აპარატებზე. ცოტა ხნის წინ, როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, ზუსტად ამ მოწყობილობის გაუმართაობამ გამოიწვია ხანძარი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. ხანძარს სანკტ-პეტერბურგის საავადმოყოფოში 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ მოდელის სუნთქვის აპარატების გამოყენება და გაყიდვა, RTVI-ის ცნობით, უკვე შეჩერებულია რუსეთშიც.
რუსეთში 13 მაისისთვის კორონავირუსით დაავადების 242 271 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2212 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 48 003. რაც შეეხება აშშ-ს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გამოვლინდა ინფიცირების 1 369 964 შემთხვევა, გარდაიცვალა 82 387 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 230,287.
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ შემთხვევაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
რუსეთში საავადმყოფოს ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ იტალიისთვისა და აშშ-სთვის გაგზავნილ დახმარებაზე იხილეთ:
“სიყვარულით რუსეთიდან” – კრემლის პიარაქცია იტალიაში, თუ უანგარო დახმარება
გარეკანის ფოტო: EPA