ახალი ამბები

“სიყვარულით რუსეთიდან” – კრემლის პიარაქცია იტალიაში, თუ უანგარო დახმარება

23 აპრილი, 2020 • 2700
“სიყვარულით რუსეთიდან” – კრემლის პიარაქცია იტალიაში, თუ უანგარო დახმარება

21 თებერვალს იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები აღმოაჩინეს. აქედან რამდენიმე კვირაში იტალიაში კორონავირუსის ათიათასობით შემთხვევა დადასტურდა, ჯანდაცვის სისტემა კი იქამდე არნახული ზეწოლის ქვეშ მოექცა.

იმ დროისთვის იტალიაში დეფიციტში იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი რესპირატორები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება შემთხვევა, როცა იტალიელმა მღვდელმა რესპირატორი მისთვის უცნობ პაციენტს დაუთმო და, საბოლოო ჯამში, თავად გარდაიცვალა.

21 მარტს კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსული მხარის ინიციატივით სატელოფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის. მოსკოვი რომს დაჰპირდა, რო დაეხმარებოდა. 22 მარტს ამის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს რუსულმა მედიასაშუალებებმა. დახმარებას ჯეიმს ბონდის ცნობილ ჯაშუშურ ფილმზე რეფერენსით ეწოდა: “სიყვარულით რუსეთიდან”.

რუს სამხედროებს ჩააქვთ დახმარება იტალიაში © EPA-EFE/Filippo Venezia

თუმცა, მოგვიანებით, იტალიურმა გამოცემამ, La Stampa-მ გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსეთის მიერ აღმოჩენილი დახმარების დიდი ნაწილი იმ კონკრეტულ სიტუაციაში, პრაქტიკულად, უსარგებლო იყო, ხოლო იტალიის მოქალაქეებს რუსეთისთვის და პუტინისთვის სამადლობელი ვიდეოს გადახდისთვის ფულს სთავაზობდნენ.

„ნეტგაზეთმა“ თავი მოუყარა რუსეთის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარების ირგვლივ მომხდარ ამბებს — იტალიური მხარის რეაქციას, რუსეთის პასუხს და სხვა აქტორების აზრებს.

რას დაწერა La Stampa-მ?

25 მარტს იტალიური გამოცემა La Stampa იუწყება, რომ რუსეთის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარების 80 პროცენტი, პრაქტიკულად, გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

„მაღალი დონის პოლიტიკურმა წყაროებმა გვითხრეს, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის მოწოდებული დახმარების 80% ან საერთოდ არ გამოდგება, ან მცირედ არის გამოსადეგი. მოკლედ რომ ითქვას, ეს საბაბია. 

განსხვავებით, მაგალითად, ჩინეთის მიერ გამოგზავნილი პროდუქციისგან (ძირითადად — ფილტვების ვენტილატორები და პირბადეები), რუსული დახმარება ძირითადად შედგება ანტიბაქტერიული სადეზინფექციო საშუალებებისგან, სტერილიზაციის საველე ლაბორატორისგან, ქიმიურ-ბაქტერიული პროფილაქტიკის და მსგავსი საშუალებებისგან, რისი მიზეზიც ისაა, რომ იტალიაში ჩასული რუსი სპეციალისტები მანამდე მონაწილეობდნენ ჯილეხის, ებოლას და ა.შ. ელიმინაციების პროცესებში“, — წერს La Stampa. 

„ამ წყაროების თანახმად, [იტალიის პრემიერ კონტესა და პუტინს შორის საუბრის] რეალური მიზეზი იყო გეოპოლიტიკური და დიპლომატიური: პუტინმა კორონავირუსში დაინახა შესაძლებლობა, ფიზიკურად იყოს იტალიურ თეატრში, იტალიის პრემიერმა კი არ თქვა უარი [დახმარებაზე], რადგან მოსკოვთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა“.

„რას ნიშნავს ფიზიკურად ყოფნა, სწრაფად აიხსნება: მოსკოვიდან გამოგზავნილი ასობით ექსპერტი სამხედრო ექიმები არიან, ხოლო მთელი ოპერაცია ჩაატარა რუსეთის თავდაცვის და არა ჯანდაცვის სამინისტრომ. მათ [ექსპერტებს] აქვთ გენერლების, პოლკოვნიკების, მაიორების და ვიცე-პოლკოვნიკების წოდებები. წარსულში სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი გვინეიდან აფრიკამდე, ამ ოპერაციებში კი რუსეთის საგარეო დაზვერვა ბაქტერიოლოგიურ ომებს აწარმოებდა“. 

გამოცემის ცნობით, რუსული დახმარების ფასსა და სიაზე მიმართეს პრემიერის აპარატს, სადაც უთხრეს, რომ გაწეული დახმარებით გათვალისწინებული აღჭურვილობის სიას მომდევნო დღეს გამოაქვეყნებდნენ და საგანგებო სიტუაციის კომისართან, დომენიკო არკურისთან გადაამისამართეს:

„არკურის გუნდმა გვითხრა, რომ რუსეთის მიერ გამოგზავნილი აღჭურვილობის სია ჯერ არ გასაჯაროვდება, თუმცა ის უფასო იყო და წარმოადგენს „პუტინის გულუხვ საჩუქარს იტალიისთვის“. გულუხვობა კი, სტატიის მიხედვით, ძვირი ჯდება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავისუფლად გადაადგილდებიან იტალიის ტერიტორიაზე, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით NATO-ს ბაზებისგან“. 

რუსული მხარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა — ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და იტალიაში რუსეთის ელჩმა სერგეი რაზოვმა განაცხადეს, რომ რუსეთი იტალიას უანგაროდ ეხმარება და არანირი „კონტრიმედები“ არ აქვთ. 

მოსკოვის კრიტიკა და იტალიური პასუხი

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურმა პირმა, ეს განცხადებები კი აქტიურად ვრცელდებოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ რუსულ მედიასაშუალებებში:

2 აპრილს La Stampa-ს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. მოსკოვის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკს“ (რომელიც საქართველოშიც მოქმედებს) მოჰყავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის 2 აპრილის კომენტარი, რომლის მიხედვითაც მასალას „მდარე ხარისხის რუსოფობიურ ფეიკს” უწოდებს:

„რაც შეეხება La Stampa-ში რუსოფობიური მედიაკამპანიის რეალურ დამკვეთებთან (რომლებიც ჩვენთვის ცნობილნი არიან) დამოკიდებულებას, რეკომენდაციას ვაძლევთ, ძველი სიბრძნე გაითვალისწინონ: Qui fodit foveam, incidet in eam (ვინც სხვას ორმოს უთხრის, მასში თავად ჩავარდება). უფრო გასაგები რომ იყოს: Bad penny always comes back“, — აღნიშნა მან.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის ამ კომენტარს იტალიის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წრეებში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მინისტრების დონეზე.

3 აპრილს ერთობლივ განცხადებას აკეთებენ იტალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და რუსი ჩინოვნიკის კრიტიკას „შეუსაბამოს“ უწოდებენ.

„მართალია, ამ მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ, არ შეგვიძლია არ დავგმოთ [კონაშენკოვის] შეუსაბამო ტონი. გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკის უფლება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უფლებაა, ისევე როგორც პასუხის გაცემის უფლება. ამ გლობალური საგანგებო მდგომარეობის დროს თავისუფალი პრესის როლი — შეამოწმოს და გააანალიზოს- ისეა აუცილებელი, როგორც არასდროს“, — ნათქვამია იტალიელი მინისტრების განცხადებაში.

გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, იგორ კონაშენკოვის (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი) კომენტარი „ტვიტერში“ დაგმო ბევრმა იტალიელმა და სხვა ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტმა — ისინი მიიჩნევენ, რომ კონაშენკოვის კომენტარი- „ვინც სხვას ორმოს უთხრის, მასში თავად ჩავარდება“- სტატიის ავტორის, ჯაკოპო იაკობონის სიცოცხლის მიმართ ფარული მუქარა და პრესის თავისუფლებაზე მიტანილი შეტევაა.

„ძალიან უცნარი რაღაცები ხდება იტალიაში. La Stampa წერს, რომ რუსი ჯარისკაცები ახლა ბერგამოში არიან და კრემლის კრიტიკის ობიექტი გახდა გაზეთი. სოლადარობა დიდებულ ჯაკოპო იაკობონის [სტატიის ავტორს]“, — კეროლ ქედუალადრი, The Guardian-ისა და Observer-ის ავტორი.

ჟურნალისტსა და გამოცემას მხარდაჭერა გამოუცხადა ბევრმა იტალიელმა პოლიტიკოსმაც  — მათ შორის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ. 

მხარდამჭერებს შორის იყვნენ იტალიის დემოკრატიული პარტიის დეპუტატი ალესია როტა, რომელმაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს მოქმედებისკენ მოუწოდა.

„მთავრობამ, დაწყებული [მინისტრთა კაბინეტის] კონტეთი და დამთავრებული საგარეო საქმეთა მინისტრ დი მაიოთი, უნდა მიიწვიონ [რუსეთის] ელჩი და კრემლისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვონ“, — წერენ ელენა გრანდი და ანჯელო ბონელი მწვანეების ფედერაციიდან.

მხარდაჭერის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჯიორჯი გორიმ, ბერგამოს მერმა. ეს ის ქალაქია, რომელშიც რუსეთმა ექიმები გააგზავნა: „სოლიდარობა ჯაკოპო იაკობონისა და პრესას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის მიერ დაშინების გამო. მადლობელი ვართ რუსი ექიმებისა და ექთნების დახმარების, მაგრამ  ინფორმაციის თავისუფლებაზე მუქარა მიუღებელია“, — წერს იგი.

სიტუაციას თავად სტატიის ავტორი იაკობონიც გამოეხმაურა La Repubblica-სთან საუბარში:

„ეს ფრაზა მუქარის შემცველია — არა მარტო ჩემი, არამედ გაზეთის მიმართაც. იტალიაში არ ვაძლევთ საშუალებას, დაგვემუქრონ, აქ კრიტიკის თავისუფლება არსებობს. ეს ჩეჩნეთი არ არის. მადლობას ვუხდი ბევრ ადამიანს, ვინც სოლიდარობა გამოხატა, თუმცა პრემიერ-მინისტრისგანაც ველოდი რეაგირებას“.

200 ევრო სამადლობელი ვიდეოს სანაცვლოდ 

12 აპრილს იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ, სთავაზობენ ნაცნობ იტალიელებს, მონაწილეობა მიიღონ „რუსული მედიის“ ვიდეოში და მადლობა გადაუხადონ რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

გამოცემის ცნობით, იტალიის მცხოვრებლებს Whatsapp-ში მისდით შეტყობინებები, სადაც პუტინისა და რუსეთის სამადლობელი ვიდეობის გადაღება-განთავსებაში 200 ევროს სთავაზობენ.

„სჭირდებათ 15 იტალიელი, რომელიც რამე კარგს იტყვის რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესია ვიდეო ან პოსტი ფოტოებით, მაგრამ ვიდეოში იხდიან 200 ევროს, პოსტისთვის- ნაკლებს“, — მოჰყავს გამოცემას შეტყობინების ტექსტი, რომელიც ერთ-ერთმა ადრესატმა მიიღო.

გამოცემის მასალას არ მოჰყოლია გამოხმაურება რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებსა თუ ოფიციალურ პირებში, თუმცა ინფორმაცია სტატიის შესახებ გაავრცელა რუსეთის ხელისუფლების  არაკონტროლირებადმა „დოჟდმა“.

“კლასიკური კომბინაცია”

“რონდელის ფონდის” მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც კრემლის საგარეო პოლიტიკას წლებია აკვირდება, მიიჩნევს, რომ სახეზეა “მოჩვენებით დახმარება სარეკლამო პოლიტაქციის სახით, რომლის მიზანიც პოლიტიკური დივიდენდების მიღებაა”.

„დახმარების პროცენტის უვარგისობასაც არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის აბსოლოტურად მოჩვენებითი, სარეკლამო აქცია, გათვლილი პოლიტიკურ დივიდენდებზე. რუსეთი თავის შესაძლებლობებით იტალიას რაში უნდა დახმარებოდა? [“დახმარება”] მიზნად საერთოდ არ ისახავს იმას, ვინმეს იტალიაში დახმარება აღმოუჩინონ”.

მისი თქმით, ეს იყო პოლიტაქცია, სარეკლამო მიზნით, რომელსაც შემდგომ გამოიყენებდა Russia Today, “რასაც აკეთებს კიდეც”.

„ეს რუსეთის ჩვეულებრივი პოლიტიკაა, შეეცადნენ ქულების დაწერას. იტალია რუსეთისთვის კარგი სათამაშო მოედანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური ელიტის ნაწილი გამოირჩევა სიმპათიებით რუსეთის მიმართ. რუსეთს [ევროკავშირის] სანქციების პოლიტიკაში იტალია სუსტ რგოლად მიაჩნია, თითქოსდა ეს დახმარება გაუწია, მაგრამ სინამდვილეში რა დახმარება უნდა გაეწია, თავის თავს ვერ შველის [კორონავირუსისგან]. დღიური ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა უკვე, აშშ-ის შემდეგ და, როგორც ჩანს, რამდენიმე დღეში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრებს“.

ჩეჩელაშვილის თქმით, კარგია, რომ იტალიაში რუსეთის გეგმების შესახებ თავადვე მიხვდნენ:

„ეს ყველაფერი, ღრმად ვარ დარწმუნებული, გაკეთებული იყო  ქულების დასაწერად და სამომავლოდ იტალიის მთავრობასა და საზოგადოებასთან სამუშაოდ შემდგომში პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. ძალიან კარგია, რომ იტალიელები თვითონ მიხვდნენ ამას“.

გარდა ამისა, ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთისგან დახმარების მიღებაზე არათუ სხვა ქვეყნები, არამედ მისი მოკავშირეებიც კი დაფიქრდებიან.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ეს  „კლასიკური კომბინაციაა. “ასეთი რაღაცებისთვის რუსეთი ფულს არ ზოგავს. ჯობია, რომ რუსეთის მთავრობა საკუთარ დამშეულ ხალხს დაეხმაროს და რუსეთში სიტუაციის მოგვარებაზე იფიქროს. მაგრამ ეს ძალიან კარგად გამოხატავს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ბუნებას, პუტინის მოჩვენებითი ავტორიტეტის დამკვიდრების თვალსაზრისით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი