ახალი ამბები

რუსეთში საავადმყოფოს ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი ემსხვერპლა

12 მაისი, 2020 • 1187
რუსეთში საავადმყოფოს ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი ემსხვერპლა

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში, 12 მაისის დილას გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი ახალი კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი და რეანიაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

“მედუზას” ცნობით, ცეცხლი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე, ე.წ. წითელ ზონაში გაჩნდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იყვნენ მოთავსებულნი. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ხელოვნური სუნთქვის აპარატია, რომელიც დასაშვებზე მეტად იყო დატვირთული.

ცეცხლი, ჯამში, 10 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, ევაკუაციის პროცესში კი შენობიდან 150 ადამიანი გამოიყვანეს. გამოძიება დაიწყო დაუდევრობით ცეცხლის გაჩენის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რამდენიმე დღით ადრე, 9 მაისს, ცეცხლი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაშიც გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. ორშაბათს ქვეყნის პრეზიდენტმა პანდემიის თანმდევი შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც სამშენებლო და სამეურნეო სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, ფაბრიკა-ქარხნების მუშები, სამსახურებში ბრუნდებიან. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა დღიური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 11 656 ინფიცირებულით.

ქვეყნის დედაქალაქში პირბადისა და ხელთათმანის ტარება სავალდებულოა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე მაღაზიებში.

გარეკნის ფოტო: არქივი

მასალების გადაბეჭდვის წესი