ახალი ამბები

კობერიძე: კლუბებში სპეცოპერაცია დადგმული იყო იმისათვის, რომ გახარიას ნარკოტიკებთან მებრძოლის იმიჯი ჰქონოდა

12 მაისი, 2020 •
კობერიძე: კლუბებში სპეცოპერაცია დადგმული იყო იმისათვის, რომ გახარიას ნარკოტიკებთან მებრძოლის იმიჯი ჰქონოდა

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ გიორიგ გახარიას შს მინისტრობისას კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება ნარკოტიკებთან მებრძოლის იმიჯის შესაქმნელად სჭირდებოდა, რის შემდეგაც კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოება/რეალიზაციის შესახებ კანონპროექტებს პარლამენტში ისე წარადგენდა, რომ საზოგადოებაში იმიჯი არ გაუფუჭდებოდა:

“მას რომ პირდაპირ შემოეტანა ეს კანონპროექტი “ნარკოტიკებთან ბრძოლის” იმიჯის გარეშე, საზოგადოების განწყობა რაც არის, ცუდად ვინც უყურებს, გამოვიდოდა ის ცუდი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებში უფრო მეტად გავრცელებას.

მე რომ მკითხოთ, ეს ყველაფერი დადგმული იყო იმისათვის, რომ გახარიას ჰქონოდა ნარკოტიკებთან მებრძოლი, გმირი შს მინისტრის იმიჯი, რომელმაც გადაარჩინა ბავშვები. მას სჭირდებოდა ეს ნარკორეალიზატორებთან მებრძოლის [იმიჯი]”, – ამბობს კობერიძე EMC-ს მიერ ორგანიზებული დისკუსიისას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 2018 წლის 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაადასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვეში პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოება/ექსპორტს ეხებოდა. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

როგორც ივანიშვილმა სამ ტელეწამყვანთან ინტერვიუში აღნიშნა, მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შევიდეს.

თუმცა კანონპროექტს მოჰყვა საზოგადოების ნაწილისა და საპატრიარქოს კრიტიკა. პარლამენტმა კანონპროექტი უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი