ახალი ამბები

ელისაშვილი ორდღიანი არჩევნების ინიციატივით გამოდის — რას ფიქრობენ პარტიები

19 ოქტომბერი, 2020 • 1092
ელისაშვილი ორდღიანი არჩევნების ინიციატივით გამოდის — რას ფიქრობენ პარტიები

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად ინიციატივით გამოდის, რომ ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა რიგების შესამცირებლად კარგი იქნება, თუ ამომრჩეველთა სია ანბანის მიხედვით ორ დღეზე ორ ნაწილად გაიყოფა.

“ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს, ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად ორი დღის განმავლობაში. ჩავატაროთ პარასკევს, 30 ოქტომბერს და ჩავატაროთ შაბათს, 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ ამომრჩევლები სიებით და ანბანის მიხედვით. მაგალითად, პირველ დღეს, 30 ოქტომბერს მივიდეს პირველი 15 ანბანური ასოს წარმომადგენლები და მეორე დღეს- დანარჩენები, რათა არ იყოს რიგები”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივ ბარიერს იაზრებს, რომელიც მის ინიციატივას ახლავს თან, მათ შორის იმასაც, რომ საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება. თუმცა ამბობს, რომ ყველა კონსტიტუცია “ადამიანების მიერ ადამიანებისთვის ნაწერი” არის და ადამიანის სიცოცხლე მთავარი კონსტიტუციური უფლებაა.

“აქ არის ერთი, ძირეულად მნიშვნელოვანი განსხვავება: არცერთი ზემოთ ხსენებული პანდემიის დროს, კორონამდე, არ არსებობდა ინტერნეტი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, რომ მსოფლიოს სცოდნოდა, რა საფრთხის წინაშე იდგა. ამ მხრივ კორონავირუსი პირველი პრეცედენტია. შესაბამისად, არცერთი კონსტიტუცია დედამიწაზე, არც ამერიკული, არც ფრანგული და არც ქართული, არ და ვერ დაიწერებოდა მსგავსი ფორსმაჟორის რაციონალური გააზრებით”, — აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, თუ სურვილი იარსებებს, გამოსავალიც მოიძებნება.

“თუ საჭიროა, ეს იყოს საკონსტიტუციო ცვლილების მიღების უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში – დაე იყოს!” — აღნიშნავს ის.

თუმცა ელისაშვილის ინიციატივას არც ოპოზიციაში და არც მმართველ გუნში არ იზიარებენ. “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, არჩევნების ორი დღით ჩატარება ხელისუფლებას მანიპულაციების საშუალებას აძლევს. მისი თქმით, თავის დროზე კორონავირუსის რისკების გათვალისწინებით მათ ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გაზრდა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

” მივიღეთ, რა თქმა უნდა, უარი, იმიტომ, რომ მაშინ იყო “ქართული ოცნების” ის პერიოდი, როცა ყელყელაობდნენ და ტრაბახობდნენ, როგორ კარგად გაართვეს თავი კოვიდს. ორდღიანი არჩევნების დროს სერიოზული რისკები რჩება, შუაში არის ლუფტი, რომელიც ხელისუფლებას ბევრი მანიპულაციის საშუალებას აძლევს. მე არ მგონია, რომ ჩვენ ახლა ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალება უნდა მივცეთ”, — ამბობს სერგი კაპანაძე.

საარჩევნო დღის გაზრდის ინიციატივა აქვს “ლელოს”.  ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი “ლელოდან” ლევან კობერიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა ნაკადის მოსაწესრიგებლად უმჯობესი იქნებოდა არჩევნები, 12 საათის ნაცვლად, 18 საათს გაგრძელებულიყო.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ინიციატივები. მაგალითასთვის ვიტყვი, რომ საარჩევნო დღე იყოს არა 8-დან 8 საათამდე, არამედ იყოს, მაგალითად, დილის 6 საათიდან 24 საათამდე. ანუ გაიწელოს უფრო დროში ერთი დღის განმავლობაში, რადგან ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მოსახლეობის ნაკადები უფრო მეტად იყოს გადანაწილებული”, — განაცხადა “ტვ პირველთან” კობერიძემ.

ელისაშვილის იდეას არ იზიარებს არც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. თუმცა აღნიშნავს, რომ ის ყველა კოლეგის იდეას პატივს სცემს.

“დღეს ყველაზე დიდი კორონა და ყველაზე დიდი საშიშროება ივანიშვილი და მისი რეჟიმია და ისაა მოსაცილებელი. ამიტომ ყველას რომ შეგვხვდეს კორონა, ყველა უნდა მივიდეთ უბანზე. აი, დღეს ასე დგას საკითხი. ერთ დღეში უნდა დავამთავროთ ამათი საქმე”, — აცხადებს ნათელაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული  უსაფრთხო წესების დაცვით უნდა ჩატარდეს.

“31-ში უნდა ჩამოვიცილოთ ჩვენ ეს ხელისუფლება სწორედ იმ დიდი ამოცანით, რომ მივიდეთ არჩევნებზე პირბადეების, ჰიგიენის წესებით დაცვით და მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი”, — განაცხადა “ტვ პირველთან” დეკანოიძემ.

კორონავირუსის გამო საპარლამენტო არჩევნების გასამართ დღესთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებას გამორიცხავენ ხელისუფლებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ზოგიერთ მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე – საარჩევნო უბანზე.

ზოგიერთ მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე – საარჩევნო უბანზე – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი