ახალი ამბები

“ლელო” – საჩივრებზე სასწრაფო უარი მივიღეთ, რაც ხდება, არის ჩრდ.კორეის პოლიტიკის მსგავსი

5 ნოემბერი, 2020 •
“ლელო” – საჩივრებზე სასწრაფო უარი მივიღეთ, რაც ხდება, არის ჩრდ.კორეის პოლიტიკის მსგავსი

“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია “ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას”, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

“არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ, 8 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც”, – განაცხადა გალდავამ. მისივე თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ საოლქო კომისიაში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

“ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში, თუმცა კლანის მიერ
მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს.  მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები”, – განაცხადა გალდავამ.

“ის ყველაფერი, რაც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, არის ჩრდილო კორეის პოლიტიკის მსგავსი”, – ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

“როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილო კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან  დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე. გადაგვამისამართეს  ჩინჩალაძე- მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე “ქართული ოცნება”, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს, ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება “ქართულმა ოცნებამ მათ არ მისცა”,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი