ახალი ამბები

საქართველოს მიერ შეძენილი “ჰოლანდიური” სწრაფი ტესტები ჩინური აღმოჩნდა – ჟურნალისტური გამოძიება

12 მაისი, 2020 • 2351
საქართველოს მიერ შეძენილი “ჰოლანდიური” სწრაფი ტესტები ჩინური აღმოჩნდა – ჟურნალისტური გამოძიება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 24 აპრილის ხელშეკრულებით 30 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა. ხელშეკრულება  კომპანია  Solemart-თან დადო, რომელსაც სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის, Inzek International Trading-ის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა.

თუმცა, როგორც „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩანს, Inzek International Trading-ის მიერ ჰოლანდიურად წარმოჩენილი და შემდგომ გაყიდული ტესტები, სახელწოდებით  Biozek,  არა ნიდერლანდებში, არამეთ ჩინეთშია შექმნილი.

აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიებისა და საქართველოს მიერ ჰოლანდიურად გასაღებული ჩინური ტესტების შეძენის შესახებ პირველად ინფორმაცია OC Media-მ გაავრცელა.

რა ხდება?

ანტისხეულების ტესტებს, რომლებსაც Inzek International Trading ევროპაში, ევროპული სტანდარის გარანტიით, მილიონობით ყიდდა, სინამდვილეში, ჩინური კომპანია Hangzhou Alltest Biotech Co. Ltd აწარმეობს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიის ტესტები ნაკლებად ზუსტია.

მაგალითად, გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდი ბრიტანეთმა ამ კომპანიის ტესტების გამოყენება კვლევის შემდეგ საერთოდ აკრძალა.  თუმცა Inzek International Trading-ში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ Biozek-ის ტესტებს 98%-96%-იანი სიზუსტე აქვთ. 

კომპანია თავდაპირველად ამბობდა, რომ ტესტები ჰოლანდიაშია წარმოებული და აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. აღნიშნული ციტატა მათ საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც ეწერა.

ძველი სქრინი „ბიოზეკის“ საიტიდან. წყარო: occrp

თუმცა იმის შემდეგ, რაც კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ზეკი ჰამიდს OCCRP-იმ ჰკითხა ტესტების წარმოების რეალური ადგილის შესახებ, მან აღიარა, რომ ტესტები ჩინეთში იწარმოება “კვალიფიციური და სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ”.

ამ განცხადებიდან მალევე, მათ საიტზე პრესრელიზში ის ნაწილიც შეიცვალა, სადაც კომპანია ირწმუნებოდა, რომ ტესტებს ჰოლანდიაში აწარმოებდნენ.

ახალი სქრინი „ბიოზეკის“ საიტიდან.

ეს ტესტები ასევე შეიძინეს აზერბაიჯანშიც. ანტისხეულებზე დაფუძნებული, “ბიოზეკის” წარმოებული 350 ტესტი აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციამ – Nizami Ganjavi International Center – NGIC – ჩაიტანა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნაყიდი ტესტები

ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ ზემოხსენებული კომპანიის ტესტები პირდაპირი შესყიდვით შეიძინა, 24 აპრილით თარიღდება. ამ ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური აწერს.

ამავე ხელშეკრულებით თუ ვიმსჯელებთ, დოკუმენტში გაწერილია, რომ მიმწოდებელმა სამინისტროს უნდა მიაწოდოს ჰოლანდიური წარმოების ტესტები.

სქრინი ხელშეკრულებიდან ტესტების შესახებ.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ხომ არ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული ტესტების ჩანაცვლებას, მომწოდებლისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ან გადამოწებულია თუ არა მათი ეფექტიანობა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას ტესტების შესახებ ხვალ გადაამოწმებენ და პასუხს ამის შემდეგ გაგვცემენ.


ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი სისხლში ვირუსის წინააღმდეგ გამომუშავებულ ანტისხეულებს პოულობს, ეხმარება მკვლევრებს, დაადგინონ ვირუსის გავრცელების მასშტაბები. ის გაცილებით უფრო სწრაფია და ვირუსის გამოსავლენად საათზე ნაკლები დრო სჭირდება, თუმცა, სისწრაფესთან ერთად, ბოლომდე ზუსტიც არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი