ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„23 შემთხვევა 6 დღეში“ – როგორ უმკლავდება ცხინვალი Covid-19-ს

11 მაისი, 2020 • 1890
„23 შემთხვევა 6 დღეში“ – როგორ უმკლავდება ცხინვალი Covid-19-ს

ექვს დღეში სამხრეთ ოსეთში Covid-19-ით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 0-დან 23-მდე გაიზარდა. რა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ტერიტორიაზე შექმნილი, დაიწყო თუ არა შიდა გავრცელება და რამდენად მზადაა იქაური სისტემა პანდემიის გამწვავებისათვის?

ამ ტერიტორიაზე წლებია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლენა არ ვრცელდება და მას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს, რომელსაც მოსკოვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ინფორმაციის წყაროც დე ფაქტო უწყებებია, რომლებსაც შეზღუდული რესურსები აქვთ და ქართული მხარეც უნდობლობას უცხადებს.

Covid-19-ის ინფიციცირებულების შესახებ ინფორმაციას ფლობს და ავრცელებს მთავარი სანიტარული კომიტეტი: მთავარი სანიტარული ექიმი, რომლის პოსტსაც მარინა კოჩიევა იკავებს და მისი მოადგილე, ანა გაგლოევა.

პირველი შემთხვევები

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საჯაროდ 6 მაისს დაადასტურა. მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას თანახმად, ინფიცირებული კაცი, — მათი მოქალაქე, — რუსეთიდან 30 აპრილს შევიდა სამხრეთ ოსეთში და მას შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ კი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ცხინვალი, 8 მაისი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

იმავე დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ კიდევ ორ მოქალაქეს, დედა-შვილს დაუდასტურდა Covid-19. მოზარდი 14 წლისაა. ოფიციალური ცნობებით, ისინიც რუსეთის ფედერაციიდან, კერძოდ კი, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ვლადიკავკაზიდან ჩავიდნენ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მარინა კოჩიევას თქმით, დიაგნოზი ჩრდილოეთ ოსეთში დასვეს ეპიდემიოლოგებმა — დედა-შვილს ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კლინიკაში სხვა დიაგნოზზე მკურნალობდნენ, Covid-19-ზე ანალიზი გამოწერამდე აუღეს, თუმცა შედეგების მიღებამდე გამოუშვეს, რის შემდეგაც ისინი 5 მაისს უკვე დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში. დადებითი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია კი კოჩიევას უწყებას ჩრდილოეთ ოსეთში მყოფმა კოლეგებმა აცნობეს, რის შემდეგაც დედა-შვილი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური ცნობების თანახმადვე, მათ კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდათ გამოვლენილი.

ზრდა 0-დან 23 შემთხვევამდე 6 დღეში

7 მაისისთვის შემთხვევების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევამ განაცხადა, რომ 8 ახალი პაციენტიდან ერთი იყო კაცი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში სამკურნალოდ იყო, დანარჩენები კი სტუდენტები/კადეტები იყვნენ, რომლებიც რუსეთში სწავლის შეწყვეტის შემდეგ ჩამოვიდნენ და კარანტინში იმყოფებოდნენ. ასეთი სტუდენტის რიცხვი 160 იყო.

8 მაისს სამხრეთ ოსეთში 4 ახალი შემთხვევა დაადასტურეს (ანუ რაოდენობა 15-მდე გაიზარდა), 9 მაისს — მხოლოდ ორი (რის შედეგადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა), 10 მაისს — 5 ახალი შემთხვევა, 11 მაისს კი- კიდევ ერთი, რაც ამ დროისთვის, ჯამში, 23 შემთხვევას უდრის.

გამოდის, რომ ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 6 დღეში 0-დან 23-მდე გაიზარდა [როგორც ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრი გეორგი ტოტჩიევი ამბობს, 23-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია].

არის თუ არა ეს შიდა გავრცელება?

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების შემდეგ, სტატისტიკის დე ფაქტო სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, თითქმის 50 000-ს შეადგენს, უშუალოდ ცხინვალში კი 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობის შესადარებლად იყენებენ ხოლმე ინფიცირებულთა რიცხვის 1 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებას.

მაგალითად, საქართველოში [თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე], სადაც 638 შემთხვევაა დადასტურებული, ერთ მილიონ მოსახლეზე 160 ინფიცირებული ფიქსირდება.

სამხრეთ ოსეთის მონაცემები რომ ავიღოთ, გამოდის, რომ ამ ტერიტორიაზე ეს მაჩვენებელი 460 გამოდის, რაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასთან შედარებით თითქმის 3-ჯერ მეტია.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არ საუბრობს აღნიშნული 23 პაციენტის ინფიცირების წყაროების დაკარგვაზე, ტერიტორიაზე ე.წ „შიდა გავრცელება“ არ გამოდის.

მთავარი სანიტარული კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 შემთხვევიდან:

  • 15 არის რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან გადმოყვანილი კადეტი, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ მაისის დასაწყისიდან [ოფიციალური ცნობებით, კარანტინში 160-მდე სტუდენტი იყო];
  • 1 არის რუსი სამხედრო მოსამსახურე;
  • დანარჩენ 7 შემთხვევაში ვირუსი რუსეთიდან/ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩასულ მოქალაქეებს გამოუვლინეს, ან კარანტინში. ორ შემთხვევაში (დედა-შვილის) კი ამის შესახებ ვლადიკავკაზიდან ჩამოსვლის შემდეგ გაიგეს;
  • ამასთან, უწყებების თანახმად, კონტაქტები კარანტინში არიან გადაყვანილი;
  • კარატინში/თვითიზოლაციაში, 11 მაისის მონაცემებით, ანა გაგლოევას თანახმად, სულ 267 ადამიანია:
    • 193 -სამედიცინო დაწესებულებებში
    • 31 – სასტუმრო „ალანში;
    • 43 – საშინაო პირობებში თვითიზოლაციაში
  • ჯამში, ჩატარებულია 345 ტესტი;

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთის მსგავსად, Covid-19-ის გავრცელების სტატისტიკას არ ენდობა (ამასთან, იქაური შემთხვევები არც საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკაში აისახება StopCov.ge-ზე).

გადადგმული ნაბიჯები

თუკი სამხრეთ ოსეთში გაგრძელდება შემთხვევების მატება, შესაძლებელია, მოსახლეობა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების წინაშე დადგეს. ეს იმის ფონზე, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე არა აქვს საჯაროდ დაზუსტებული, თუ რამდენი შემთხვევის მართვა შეუძლია, რამდენი ბოქსირებული პალატა აქვთ (ან ყველა პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება თუ არა) და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

საინტერესოა, რა მდგომარეობაში შეხვდა პანდემიას ცხინვალი — „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ტერიტორია მსოფლიოში — რა ნაბიჯები გადადგა დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის გამოჩენის შემდეგ და რამდენად სწორად მართავდა სიტუაციას.

ცხინვალი; 8 მაისი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საერთაშრისო სამშვიდობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (International Crisis Group/ICG) ანგარიშში, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა.

ცხინვალმა ჯერ კიდევ თებერვალში აკრძალა გადაადგილება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასთან მიმოსვლა — რაც ძირითადად ახალგორში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას უკავშირდება — ბოლო პერიოდში ისედაც უკიდურესად შეზღუდული იყო.

რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლა კი 5 აპრილს შეიზღუდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ ოსეთში პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ჩრდ. ოსეთში შემთხვევათა ოფიციალური რიცხვი 1700-ს აჭარბებს. სამხრეთ ოსეთში მახოვრებლებს გაცილებით ინტენსიური მიმოსვლა აქვთ რუსეთთან/ვლადიკავკაზთან, ვიდრე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასთან.

როგორც ICG-ის ანგარიშიდან ვიგებთ, რუსეთის სამხედრო ბაზამ სწრაფადვე დააწესა მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი ღამით; ამასთან, რუსი ჯარისკაცები იყენებენ პირბადეებსა და ხელთათმანებს… თუმცა სამხედრო ბაზის გარეთ პანდემიაზე პასუხი გაცილებით ნელი იყო:

ავტორები მიუთითებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ არ გააუქმა ჭიდაობის ახალგაზრდული ტურნირი, რომელიც 22-25 მარტს გაიმართა. ასევე წერია, რომ 25 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ასობით ადგილობრივი ჩინოვნიკი დაესწრო. გარდა ამისა, სკოლები და უნივერსიტეტები პანდემიის პირობებში იმაზე მეტხანს აგრძელებდა ფუნქციონირებას, ვიდრე სადმე სხვაგან მთელ სამხრეთ კავკასიაში.

ცხინვალი; 8 მაისი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

აღსანიშნავია ისიც, რომ, სოციალური დისტანცირების დაცვის შესახებ რეკომენდაციების და გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, როგორც ცხინვალიდან „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი უჩვენებს, მართალია, ცხინვალში მოქალაქეები ქუჩაში ნაკლებად ატარებენ დროს, თუმცა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს: ბაზრებში, როგორც მოვაჭრეები, ასევე მყიდველები ნიღბების გარეშე დადიან და დისტანციასაც ნაკლებად იცავენ და ა.შ.

ჯანდაცვის სისტემა

„კრიზისული ჯგუფის“ ანგარიში მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ექვემდებარება, ძალიან სუსტია მრავალი თვალსაზრისით:

  • საავადმყოფოები უკიდურესად სუსტადაა ეკიპირებული, იმდენად სუსტად, რომ რეგიონის რამდენიმე ექიმიდან ერთ-ერთმა უარი თქვა მუშაობაზე საავადმყოფოში ძირითადი დამცავი საშუალებების არარსებობის გამო;
  • რუსეთმა, რომელიც [ზოგადად] რეგიონის საჭიროებების უმრავლესობას აკმაყოფილებს, მარტის დასაწყისში სამედიცინო მარაგების ექსპორტი შეწყვიტა;
  • ადგილობრივი ჩინოვნიკის განცხადებით, სადეზინფექციო საშუალებები მცირე რაოდენობით იყო და დე ფაქტო ხელისუფლებამ ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებს სთხოვა სამედიცინო პირბადეებისა და დამცავი ტანსაცმლის შეკერვა;
  • რეგიონის ბევრ სამედიცინო სპეციალისტს წლების განმავლობაში არ გაუვლია შესაბამისი გადამზადება — მათ არც კი აქვთ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აამუშაონ რუსეთიდან ჩამოტანილი ხელოვნური ვენტილაციის 26 აპარატი;
  • აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშული 26-დან სამი ვენტილატორი ბიბილოვის ბრძანების საფუძველზე ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს შემთხვევების მატების ფონზე. ეს 27 აპრილს მოხდა, როდესაც ცხინვალში ჯერ არ იყო Covid-19 გამოვლენილი;

ანგარიშის ავტორები ციტირებენ ცხინვალის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელიც ამბობს: „ვერ ვბედავთ, რომ ადგილობრივ ექიმებთან მივიდეთ ტესტირებისთვის“.

„კრიზისული ჯგუფი“ წერს იმასაც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის სამხრეთ ოსეთი ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას და ხაზს უსვამს, რომ იქაური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 17%, ხანდაზმულია — შესაბამისად, რისკჯგუფს მიეკუთვნება.

უარი დახმარებაზე პოლიტიკური მოტივით

ცხინვალი უარს აცხადებს თბილისისგან დახმარების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაღალჩინოსნებმა, მათ შორის შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, არაერთხელ გამოხატეს მზაობა. ამასთან, როგორც ICG-ის ანგარიშში წერია, კრიზისის საწყის ეტაპზე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მოუწოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დახმარებოდნენ ამ ორ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და განაცხადეს, რომ ხელს არ შეუშლიდნენ გადაადგილებას ამ რეგიონებიდან.

ერთ-ერთი შანსი, რაც ცხინვალს უკეთეს ვითარებაში ჩააყენებდა, სწორედ საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობაა, თუმცა ცხინვალი ამ საკითხს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს: როგორც „კრიზისული ჯგუფი“ წერს, მიზეზი იმისა, რომ ცხინვალი არ გამოხატავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO/ჯანმო) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილს და ამაზე მზაობას, შემდეგია:

„იმის გამო, რომ ეს ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობენ, დე ფაქტო მთავრობის ხედვით, მათთან თანამშრომლობა ძირს გამოუთხრის მათ მიერვე მოთხოვნილ დამოუკიდებლობას საერთაშორისო არენაზე“, – წერს ორგანიზაცია.

ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთში მოქმედებს, „წითელი ჯვარია“. ICG-ის ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ უზრუნველყო ადგილობრივი საპატიმროსთვის სურსათის მიწოდება და გეგმავს, საკვები ხანდაზმულ მოსახლეობას მიაწოდოს, მათ შორის, შორეულ სოფლებში.

ანატოლი ბიბილოვი

თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „წითელი ჯვარი“ მზადყოფნას გამოთქვამს, საქმიანობა გააძლიეროს, ადგილზე არ ჰყავს საკმარისი სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებების შესაფასებლად.

„როდესაც მარტის შუა რიცხვებში WHO ცდილობდა შეფასების ჯგუფის გაგზავნას რეგიონში, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა სპეციალისტების მიღებაზე, თუკი ისინი რუსეთიდან არ შევიდოდნენ, თბილისის მხარის ნაცვლად“, – წერია ანგარიშში.

„ცხინვალმა ამის შემდეგ დაკეტა საზღვარი რუსეთთან. [შესაბამისად] ის, თუ როგორ შევლენ WHO-ს თანამშრომლები რეგიონში, მნიშვნელოვან საკითხად რჩება“, – წერენ ავტორები.

„დე ფაქტო ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოსულ პირებთან თანამშრომლობა შეარყევს მათ პრეტენზიას დამოუკიდებლობაზე“.

„ამჟამად დე ფაქტო ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ დაფარონ ადგილობრივი ანაზღაურება და პენსიები, მაგრამ ეს თითქმის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაზე, რუსეთი კი ამჟამად თვითონ დგას მნიშვნელოვანი საშინაო მოთხოვნის წინაშე.

ანგარიშში დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ „კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებით სერიოზულ რისკს ქმნის და ხელს უშლის ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციასთან და გაეროს სხვადასხვა უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას. თუ ისინი ვერ მონახავენ მისაღებ კომპრომისს ჯანმოს სპეციალისტებისთვის, სულ მცირე, ინტერნეტით ან ტელეფონით მაინც უნდა დაუკავშირდნენ მათ, რათა მიიღონ საჭირო ინფორმაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი