ნეტგაზეთი | Covid-19 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ინტერვიუ მინისტრთან Covid-19 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ინტერვიუ მინისტრთან – Netgazeti

Covid-19 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ინტერვიუ მინისტრთან

რა ვითარებაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი? როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ჩართულობა იქაური მოსახლეობის დახმარების პროცესში? 1 აპრილს „ნეტგაზეთმა“ ამ საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა ქეთევან ციხელაშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

ქალბატონო ქეთევან, როგორია თქვენი ინფორმაციით COVID-19-ის პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის თვალსაზრისით, სიტუაცია როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე?

სიტუაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არის რთული, პირველ რიგში იმიტომ, რომ არის მაღალი რისკების შემცველი, რადგანაც რეალურად უკონტროლოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო-რუსეთის იმ მონაკვეთებზე, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ფსოუსა და როკზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში მასობრივი შემოდინებები იყო, ფაქტობრივად, უკონტროლოდ ან არასაკმარისი კონტროლით და ნაკადების შემდგომი მართვით, განსაკუთრებით -აფხაზეთში.

ამ შემთხვევაში იმ ინფორმაციის ტირაჟირებამ, რომ თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც ვირუსია და არც საფრთხე, დათვური სამსახური გაუწია ამ რეგიონებს, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის ბევრი მოქალაქე ამ მიზეზით ჩავიდა რეგიონში, მაშინ, როცა შესაძლოა თავად გახდნენ ინფიცირების წყარო.

დღეისათვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი პაციენტის დადებითი პასუხიც მის მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება რუსეთში. ის ერთადერთია, ვინც მოგვმართა, მოახერხა გადმოსვლა და დადებითი პასუხი დაუდგინდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია ამ ნაკადიდან? თუ ტესტირება არ და ვერ ჩატარდება, სურათი ნათელი ვერ იქნება.

ასევე, ყველას კარგად მოეხსენება ჯანდაცვის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა რა მცდელობაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ან თუნდაც ადგილობრივ ექიმებს, რომ სასწრაფო ზომებს მივმართოთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ პანდემიასთან გამკლავებაში ადგილზე, ვფიქრობ, რომ რეგიონი თავად მზად არ იქნება ჯეროვნად გაუმკლავდეს იმას, რაც მთელი განვითარებული მსოფლიოსთვის უზარმაზარ გამოწვევად იქცა, არარეალურია ეს.

უმნიშვნელოვანესი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, პირადი ჰიგიენა და ყველა რეკომენდაციის შესრულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებელთათვის აფხაზურ და ოსურ ენებზეც ავრცელებს.

თუმცა აქაც, ორივე რეგიონში, ბოლო დღეებამდე, ფაქტობრივად, არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებდა, პირიქით, ცხინვალში ტარდებოდა რაღაც სპორტული ჩემპიონატები რუსეთიდან სპორტსმენების მონაწილეობით, მაგალითად. ხოლო აფხაზეთში, საერთოდ, ე.წ. არჩევნები ჩატარდა 22 მარტს, რასაც წინ უძღოდა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის დახურულ სივრცეში, და ეს ყველაფერი მსოფლიო პანდემიის უმაღლესი განგაშის დროს.

ეს, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს. უნდა ვიქონიოთ იმედი, თუმცა მზადება სხვა განვითარებისთვის არის საჭირო, რომ ახლა მაინც იქნება გაცნობიერებული საფრთხის მასშტაბი და სერიოზულობა, ამისთვის ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ ჩვენი მხრიდან.

ამ ეტაპზე ვიცით, რომ გარკვეული აქტივობები უკვე ჩატარებული აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გარკვეული ინვენტარის გაგზავნის თვალსაზრისით. რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი, იქნებ განგვიმარტოთ თუნდაც ზოგადად, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა, როგორც ამბობთ ხოლმე, სენსიტიურია და დეტალების გამჟღავნების საშუალებას არ გაძლევთ?

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, ყველა ხელთ არსებული არხის და შესაძლებლობის გამოყენებით. ცხინვალის რეგიონში აფხაზეთთან შედარებით კიდევ უფრო რთულია ვითარება. ცხინვალი დღემდე უგულებელყოფს შეთავაზებებს, და დიდ წილად საფრთხესაც. ამასთან, აფხაზეთისაგან განსხვავებით, ფაქტობრივად, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ წვდომა. ერთადერთი გამონაკლისი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციაა, რომელთანაც ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

აფხაზეთში ვცდილობთ სხვადასხვა არხების გამოყენებით COVID-19-ის გავრცელების პრევენციას და გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ადგილზე დახმარების და ექსპერტიზის მიწოდების, ისე კონტროლირებად ტერიტორიაზე დიაგნოსტიკის თუ ინფიცირებულთა ან საკარანტინე პირთა განთავსება/მართვის მიმართულებით. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვითარება საკმაოდ სახიფათოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს ასე აქტიურად, დაცული იქნას.

პრემიერის ინიციატივით და მასთან ერთად ვიმყოფებოდით რუხში, სადაც ინტენსიურ რეჟიმში ხდება რუხის უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამართვა და გადაწყობა ინფექციურ პროფილზე, რომ რეგიონს ფართოდ, მათ შორის აფხაზეთიდან, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა აქ მოხდეს. ასევე, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან თავდაცვის ძალების მიერ გაიმართა საველე კარავი, მსგავსი იმ ინფრასტრუქტურისა, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია იმისთვის, რომ გამკაცრებული კარანტინის რეჟიმის პირობებში დადგენილი წესები იქნას აღსრულებული, მოხდეს მოსახლეობის, მათ შორის აფხაზეთის რეგიონიდან, შემომავალი პაციენტების პირველადი სამედიცინო შეფასება, ტრიაჟი, მათი გადამისამართება დანიშნულებისამებრ და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველა იმ ეფექტური ზომის გატარება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ, ვუმკურნალოთ და ხელი შევუშალოთ შემდგომ გავრცელებას.

თუ იცით, რა ვითარებაა იქ ტესტებთან დაკავშირებით? არსებობს შესაძლებლობა, ადგილზევე ჩაიტარონ ტესტირება? რა ტიპის ტესტებს იყენებენ და შემდეგ სად ხდება ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება?

ზოგადად, ტესტირების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული გამოწვევებია ორივე რეგიონში. გარკვეული ინფორმაციით, თითქოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან შეიტანეს გარკვეული ტესტები. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ასეთი სრულყოფილი შესაძლებლობა იქ არ არის. მაგალითად, PCR ტექნოლოგიით ტესტირებას არა მხოლოდ ტესტები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არამედ ექსპერტიზა სჭირდება.

ჩვენ მზაობა გვაქვს, ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ, მათ შორის ექსპერტიზის მიწოდებით, ტრენინგით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მეშვეობით, რომ დავეხმაროთ მათ ადგილზე გარკვეული შესაძლებლობების განვითარებაში, ამას ვცდილობთ უკვე. მაგრამ ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, მაშინ, როდესაც საფრთხე არის დღეს, რეალურ დროში და გადაუდებელ ნაბიჯებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ღიად, რამდენჯერმე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ ასევე დიაგნოსტიკაში, პარალელურად იმ ზომებისა, რაც შეიძლება ახლა ადგილზე ტარდებოდეს. უფრო – აფხაზეთის რეგიონში.

იმ შემთხვევაში, თუკი გავრცელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კორონავირუსი და ვნახავთ, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები ვერ უმკლავდებიან პაციენტების მკურნალობას, როგორია ქართული მხარის გეგმა? ვიცით, რომ ქართული სახელმწიფო მზადაა ამ პაციენტების მისაღებად და ამას მოწმობს რუხში ახალი კლინიკაც, თუმცა, როგორი იქნება კოორდინაცია მხარეებს შორის? შედგება ეს თანამშრომლობა?

რუხზე უკვე მოგახსენეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურაა რეგიონში. ჩვენ კომუნიკაციის სხვადასხვა არხებს ვიყენებთ და არის გარკვეული კომუნიკაცია სოხუმთან. ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის, რას დაადასტურებს და რას უარყოფს, არც მე მაქვს ინტერესი ამ არხებზე ვისაუბრო. დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვართ, რომ ყველას პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებები არის სრულიად მეხუთეხარისხოვანი.

ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მით უფრო, ბოლო პერიოდში გარკვეული რაციონალური გზავნილებია დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებით და ამაზეც არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი უცვლელი მზაობა. ძნელია წარმოიდგინო იმაზე უფრო მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის თემა, როგორიც კორონავირუსთან გამკლავებაა. თუნდაც ამ დიალოგის და კომუნიკაციის აუცილებლობის დასადასტურებლად, ეს პირდაპირ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. ამიტომ თქვენს კითხვაზე უფრო დეტალურ პასუხებს ახლა თავს ავარიდებ, უბრალოდ, ვიმოქმედებთ პროცესის ინტერესებიდან გადმომდინარე. ამ თემებზე დეტალურ საუბარს, სხვადასხვა მოქმედ არხებსა თუ მომავალ შესაძლებლობებზე, შეგვიძლია სხვა დროს დავუბრუნდეთ.

თუმცა იმას გეტყვით, რაც ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკვე საკმაოდ კარგად აწყობილი კომუნიკაციაა აფხაზეთის რეგიონის სამედიცინო პერსონალთან წლების განმავლობაში განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტების შედეგად. ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის ჩამოყალიბებულია კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის -ჯანდაცვის სფეროში. გარდა ამისა, ეფექტიანად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

დღეს როგორია სიტუაცია ენგურის გამშვებ პუნქტზე? ვიცით, რომ ოფიციალურად გამშვები პუნქტი ჩაკეტილია, თუმცა, როგორც აქამდე, ალბათ, დღესაც არიან მძიმე, სხვა პროფილის პაციენტები აფხაზეთში, რომლებც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე საჭიროებენ მკურნალობას. მათი გადმოსვლის პროცესი ახლა შეჩერებულია?

ჩვენ ინდივიდუალურ შემთხვევებში გვიკავშირდებიან. ასევე, როგორც გითხარით, სხვადასხვა კონტაქტი მოქმედებს. ახლაც არიან ასეთი პაციენტები სხვადასხვა დიაგნოზით, ჩვენი მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე პირს დავეხმაროთ და ეს დღევანდელი დღის ჩათვლით ასე მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პირების რაოდენობა გაიზარდოს.

აფხაზეთთან შედარებით, სავარაუდოდ, უფრო რთულად იქნება საქმე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხში. ცხინვალზე მეტად ახალგორის რაიონის მოსახლეობა დაზარალდება თუკი მოხდა პაციენტების დაინფიცირების შემთხვევები. რამდენად გაურთულდება ქართულ მხარეს მათი აქეთ გადმოყვანა წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე?

განსაკუთრებით მაწუხებს მდგომარეობა ცხინვალის მიმართულებით, პირდაპირ გეტყვით, შემაშფოთებელია მდგომარეობა ამ რეგიონში, სადაც უკვე თვეების განმავლობაში იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობა კიდევ უფრო მკაცრ რეჟიმშია. ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ყველა პაციენტს ჩაუკეტეს წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამასთან, ხდება ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება ქსელებიდან მაშინ, როცა ისედაც მედიკამენტების და პროდუქტების დეფიციტია გადაადგილების ჩაკეტვის გამო, ახალგორის მოსახლეობა კი მართლაც ყველაზე მოწყვლადია. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის პირობებში თვეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ამგვარ დესტრუქციულ მიდგომას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავს ფაქტებს მომავალში ადგილი არ ჰქონდეს. ჩვენ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოთ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა COVID-19-თან გასამკლავებლად.

იმედს გამოვთქვამ, რომ ამ მავთულხლართებს მიღმა ახლა მაინც, ამ საგანგებო ვითარებაში, დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებნი გააცნობიერებენ, რასთან გვაქვს საქმე და ელემენტარული ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე, მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, არ შეუქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს და გადაიდგმება გარკვეული გონივრული ნაბიჯები.

მე მინდა მოსახლეობას ორივე რეგიონში ვთხოვო, რომ იყვნენ ფრთხილად, რა თქმა უნდა, არ მიეცენ პანიკას, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინონ რეკომენდაციები ხელის ხშირად დაბანიდან დაწყებული, ხალხმრავალი თავყრილობების არიდებისა და სოციალური დისტანცირებით დასრულებული.

ეს მასალები ვებ-გვერდზეა და ვისაც ხელეწიფება, ელექტრონულად გაავრცელოს ან ტელეფონში მოუყვეს ახლობლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემისათან ეფექტურად გამკლავება მხოლოდ თითოეული ადამიანის ჩართულობისა და პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი. ჩვენს მოსახლეობას ასევე გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში აქვს ის კონტაქტები, ვისაც შეუძლია დაუკავშირდნენ ცხინვალის თუ აფხაზეთის მიმართულებებზე, ასევე შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს- 143, საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით- 144-ზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან- 116001-ზე, კონკრეტული საჭიროებისას კი მოიწერონ სოციალურ ქსელებსა თუ მეილებზე.

ვებ-საიტი: https://smr.gov.ge/ge/page/69/covid-19

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი