ახალი ამბები

ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად — მარგველაშვილი

11 მაისი, 2020 • 1492
ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად — მარგველაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“ და „მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველბზე და პარტნიორებსა და მეგობრებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ თაღლითების ერი ვართ“. ეს განცხადებები მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა „დღის სტუმარში“ გააკეთა.

„სამწუხაროდ, [ხელისუფლება] ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად ეს პოლიტიკური ძალა. რაღაც ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, ეს საერთაშორისო თაღლითობა არამარტო საქართველოში და პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების მიერაა დანახული, ეს, სამწუხაროდ, არის სტილი, რომელზეც მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, უკვე არაერთხელ“, — განაცხადა მან.

„სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როცა ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება და ისე გახდა ეს უბრალოდ სტილი და ფორმა ამ პოლიიტკური ძალის და იმდენჯერ მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი, არაპირდაპირი განცხადებები სხვადასხვა მონაწილეების. ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას“, — აღნიშნავს იგი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა პარტნიორებს და მეგობრებს, რომ ვართ თაღლითების ერი და ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოსახდენია“, — დასძინა მარგველაშვილმა.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი