ახალი ამბები

გამოსახლება „აფხაზეთიდან“

15 აგვისტო, 2011 • 4015
გამოსახლება „აფხაზეთიდან“

სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლება დევნილებმა ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე– 15 აგვისტოს, დილის 7 საათამდე დაიწყეს.

გამოსახლების წინა ღამეს სასტუმრო „აფხაზეთში“ ხერხვის ხმა ისმოდა.ზოგიერთმა საკუთარი ხელით ჩასმული ფანჯრებიც ჩამოხსნა და წასაღებად გაამზადა. ყოფილი სასტუმროს ფოიე მთელი ღამის განმავლობაში 21 წლის მანძილზე მცხოვრები დევნილების ნივთებით იყო სავსე. სატვირთო მანქანები, რომლებიც დევნილთა ნივთების გადასატანად  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოყო, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ნახევარზე მეტმა გუშინვე დაიწყო ნივთების გატანა. აბა, რას იზამდნენ. ბოლო ორი დღეა პოლიციელები მოდიან, ოთახ–ოთახ დადიან და გვეუბნებიან, ხომ იცით, 15– ში, შვიდ საათამდე დაცლილი უნდა იყოსო“, –ამბობს 64 წლის ბაბუციძე ლილი.

ლილი ბაბუციძე ერთ–ერთი პირველი დევნილია თბილისში. 21 წლის წინათ ცხინვალიდან დევნილი ქალბატონი ქმართან და ორ შვილთან ერთად სახელმწიფომ ვაჟა–ფშაველას გამზირზე, ყოფილ სასტუმრო „აფხაზეთში“ შეიყვანა საცხოვრებლად.

მისი შვილიშვილები თბილისში დაიბადნენ.  15 აგვისტომდე ისინიც „აფხაზეთში“ ცხოვრობდნენ. სკოლაშიც იქვე, ვაჟა–ფშაველას გამზირზე დადიან.

მას შემდეგ, რაც ათი დღის წინ გამოსახლების შესახებ აუწყეს, აფრიკის დასახლებაში ბინა იქირავეს. როგორც ლილი ამბობს, „მეტზე ვერ გაწვდა ფული“.

„ბავშვები თავს იგიჟებენ. ამბობენ, სკოლას ვერ შევიცვლით და აფრიკიდან აქ ვივლით ისევო. მაგრამ განა რომელ საათზე უნდა გაიღვიძონ, აქ რომ მოვიდნენ დილით“, –ამბობს ლილი.

სამინისტროს  მიერ შეთავაზებულ ათი ათას აშშ დოლარზე უარი განაცხადა. ასევე უარი თქვა ქალაქ რუსთავში ჯერ აუშენებელ ბინაზე, რომელსაც ასევე სამინისტრო სთავაზობს.

„ჩემი შვილები, რომლებიც ჩემს ბინაში უკვე აღარ ცხოვრობდნენ, თავიანთ ოჯახებიანად სამინისტრომ ერთ ოჯახად გაგვაერთიანა და 10 ათასს გვთავაზობს. არ მინდა მე მაგათი 10 ათასი, რა უნდა ვიშოვოთ ამ ფულით. არც რუსთავში ცხოვრებაზე დავთანხმდი, რადგან ჯერ მხოლოდ საძირკველი არსებობს იმ სახლების, რომლებიც ვითომ უნდა აგვიშენონ. ვიცი, ვერაფერს მივაღწევ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებების დასაცავად“, –ამბობს ლილი ბაბუციძე.

უფლებების დასაცავად ბრძოლაზე უარი თქვა 76 წლის ჟუჟუნამ, რომელმაც 21 წელი „აფხაზეთში“ გაატარა. ამბობს, რომ ბოლო ღამესაც დარჩება თავის ერთოთახიან ბინაში და მერე სად წავა, არ იცის.

„ჯანდაბაში წავალ, სად წავალ“, –ამბობს ჟუჟუნა.

ჟუჟუნა სასტუმროს ყოფილ შენობაში 21 წელიწადი მარტო ცხოვრობდა. ამავე შენობის სხვა სართულზე ცხოვრობდნენ მისი რძალი და შვილიშვილები. ამბობს, რომ სამინისტრომ ისინი ერთ ოჯახად გააერთიანა და ათი ათასი დოლარი შესთავაზა.

„რძალმა ხელი მოაწერა, რომ აიღებს ამ ფულს. და მე? მე სად წავიდე. მოხუცი ვარ უკვე და მარტო მშვიდად მინდა ცხოვრება. ამათ კიდე უნდათ, რომ რძალთან ერთად მაცხოვრონ“, –ტირის დევნილი და ამბობს, რომ ამას ხელისუფლებისგან არ მოელოდა.

„როდესაც სხვადასხვა საკითხზე, როგორც ომში შვილმკვდარ დედას, პრეზიდენტი წერილებს მიგზავნიდა, ქალბატონო ჟუჟუნათი იწყებოდა ყველა. მეგონა, პატივს მცემდა და ასეთ დღეში არ ჩამაგდებდა არასდროს. აღარ დავუჭერ მხარს, ოპოზიციონერი გავხდები“, –ამბობს 76 წლის ქალბატონი.

გუშინ ღამითვე, გამოსახლებამდე რამდენიმე საათით ადრე, 30–მდე დევნილმა და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილ შენობასთან ნივთების გამოტანის პარალელურად აქციაც გამართეს.

„ზუსტად 15 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო. ხელისუფლებას უყვარს სიმბოლოები. ჰოდა, გადაწყვიტა, სასტუმრო „აფხაზეთი“ მაინც გაეთავისუფლებინა ომის ცამეტი წლისთავზე“,–აცხადებდნენ დევნილები.

დილის შვიდ საათზე კი შენობასთან, შეპირებისამებრ, სამართალდამცავები მივიდნენ.   შენობასთან იყო მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებიც, თუმცა ისინი არავის დაჭირვებია. ოჯახების უმრავლესობა შენობაში უკვე აღარ იყო. ბავშვებიც გაარიდეს პოლიციასთან შეხვედრას. გამოსახლების პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა.

სხვა ობიექტებიდან გამოსახლებული დევნილები, რომლებიც გულშემატკვირობის მიზნით მივიდნენ სასტუმრო „აფხაზეთთან“, ხუმრობდნენ კიდეც, რომ დევნილთა გამოსახლებების პროცესი სულ უფრო დახვეწილი ხდება.

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ შენობაში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიციელები, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და თვითონ დევნილები იმყოფებოდნენ, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც შეუშვეს.

თუმცა, რამდენიმე დევნილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მისვლას მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს.

„რისთვის მოდიან ნეტა, რას გვშველიან. მარტო წერენ რაღაცეებს და ჰგონიათ, საქმეს აკეთებენ?“,–ამბობდნენ დევნილები.

რამდენიმე დევნილმა ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენელსაც მიმართა, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული  10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით არც კომპენსაციაა ადექვატური და არც ის საცხოვრებელი, რომელიც რუსთავში უნდა აშენდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები გამოსახლების პროცესის დროს მხოლოდ დაკვირვებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლებებიან.

ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთი“ 33–ე შენობაა თბილისში, საიდანაც დევნილები გამოასახლეს. შენობაში 21 წლის განმავლობაში მცხოვრები 300–მდე ოჯახი, რომელთაგან ბევრ ოჯახს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, სამინისტრომ ერთ ოჯახად ჩაწერა და ისე შეთავაზა ფულადი კომპენსაცია ათი ათასი დოლარის ოდენობით.

დევნილთა დიდმა ნაწილმა, თავდაპირველი პროტესტის მიუხედავად, სამინისტროშივე  მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აიღებენ შეთავაზებულ თანხას.

„თავიდან რამდენიმე ოჯახმა მოაწერა ხელი, მერე სხვებიც მივყევით. შეგვეშინდა, სულ ისე არ დავრჩენილიყავით და ესეც დაგვეკარგა. თორემ ამ თანხით არათუ ბინის ყიდვას, დაგირავებასაც რომ ვერ შევძლებთ, ცხადია“, –ამბობს ერთ–ერთი დევნილი ქალბატონი.

სანამ სამინისტრო დევნილებს შეპირებულ თანხას გადაურიცხავს, გამოსახლებული დევნილები ან ნათესავებთან, ან ქირით გადადიან. რამდენიმე მათგანმა საცხოვრებლად იქვე ახლოს მდებარე ავტოფარეხი იქირავა.

სასტუმრო “აფხაზეთის” ინტერიერი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი