ახალი ამბები

იძულებითი გამოსახლება

20 იანვარი, 2011 • 2734
იძულებითი გამოსახლება

ბაგების სტუდქალაქის შენობასთან, იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 95–მდე ოჯახის გამოსახლების მიზნით, სამართალდამცავები დღეს დილის შვიდი საათზე მივიდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესი შინაგან საქმეთა მინისტრის #747 ბრძანების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ბრძანებაზე წერილობითი თანხმობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ გასცეს. თუმცა გამოსახლების პროცესის დასაწყებად აუცილებელია დევნილებს წერილობით წინასწარ ეცნობოთ ამის შესახებ. გასული წლის ზაფხულში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, დევნილთა გამოსახლება შესაძლოა მოხდეს შეტყობინებების დაგზავნიდან რამდენიმე საათში. მანამდე ამისთვის ხუთთვიანი ვადა იყო დაწესებული.

ბაგების სტუდქალაქში მცხოვრებმა დევნილებმა მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ შეტყობინება გუშინ საღამოს მიიღეს. დღეს დილიდანვე კი ისინი სამართალდამცავების „ალყაში“ მოექცნენ: 100–ზე მეტმა პოლიციელმა შენობის ირგვლივ კორდონი გააკეთა. ტერიტორიაზე შესვლის უფლება არავის ჰქონდა – არც დევნილებს, არც ჟურნალისტებს.

პოლიციელების გარდა, სტუდქალაქის ტერიტორიაზე დილიდან რამდენიმე სატვირთო ავტომობილი, ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

სასწრაფოს მანქანები დღის ბოლოს  სატვირთო ავტომობილების ფუნქციას ითავსებდნენ: მანქანებით სტუდქალაქიდან დევნილების ნივთებს ეზიდებოდნენ.

დილით დევნილები არ ფლობდნენ ინფორმაციას, სად და რა მიმართულებით უპირებდნენ  ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით გადაყვანას. ისინი ამბობდნენ, რომ მომავალი საცხოვრებლი ადგილის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ გაიგებდნენ,რაც ავტობუსებში ჩასხდებოდნენ.

სანამ დევნილები ავტობუსებში ჩასხდებოდნენ, მანამდე მათ ახლობლებს, მხარდამჭერებსა და სამართალმდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.

ქურდოვანიძის თქმით, გამოსახლების დროს პოლიციას უფლება აქვს პროპორციულად გამოიყენოს ძალა, თუმცა ინციდენტი, რომელიც დილის 11 საათისთვის მოხდა და დაახლოებით 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა, სამართალდამცავებსა და დევნილების ახლობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.

 

დევნილების რამდენიმე ახლობელი ქალი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააკავა, სამართალდამცავების კორიდორის გარღვევას ცდილობდა. ქალები ამბობდნენ, რომ დევნილებისათვის ბარგის ჩალაგებაში დახმარება სურდათ.

სამი დევნილი ქალი – ბელა ხერგიანი, ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი და, მათთან ერთად, კიდევ ორი პირი – დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა და პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქართველოს  წევრი გულადი (გია) ყრუაშვილი სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა (სსკ 166–ე) და პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააპატიმრეს (სსკ 173–ე მუხლი).

დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე ნინო შანიძის გადაწყვეტილებით, ყრუაშვილსა და სიგუას 14–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხერგიანს, ცინდელიანსა და ფირცხელანს – 400–400 ლარის გადახდა ჯარიმის სახით.

ბაგების სტუდქალაქის გარდა, დევნილები დღეს პოლიციის ძალით ორხევიდანაც გამოასახლეს. თბილისში, ჯამში, 25–მდე ობიექტია, საიდანაც დევნილები უნდა გამოასახლონ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ შესაბამისი შეტყობინებები ჯერ კიდევ გასული წლის 13 დეკემბერს გაუგზავნა.

“დღეიდან სამინისტრომ დაიწყო დევნილების იმ შენობებიდან გამოსახლება, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული, როგორც კომპაქტური ჩასახლების ადგილები”, – ამბობს ნეტგაზეთთან  საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იულია ხარაშვილი.

მისივე თქმით, დევნილების გამოსახლების პროცესი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის შეთანხმებული.

დევნილთა გამოსახლების პროცესს დღეს დილიდან აკვირდებოდნენ ევროკავშირის მონიტორები, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები. აღნიშნულ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნეს, რომ გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებებს დღის ბოლოსთვის გააკეთებენ.

 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობამ საქართველოში დევნილების მოსალოდნელ გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის ბოლოს გაავრცელა, სადაც ორგანიზაციის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში – ელენა ფერეტიმ განმარტა:

,,მათ, ვინც მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, უნდა დატოვონ უძრავი ქონება. სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს;  მათ, ვინც უკვე მიიღეს კომპენსაციები, უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები;  დევნილებმა, რომლებიც რეგისტრურებულნი არიან კოლექტიურ ცენტრებში (თბილისში ან რეგიონებში), ამ საკუთრების პრივატიზაცია უნდა მოახდინონ; მათ, ვინც ცხოვრობდნენ კერძო სექტორში (ნაქირავებში ან ნათესავთან) და ახლა არაფერი გააჩნიათ, სთავაზობენ სახლებს იქ, სადაც შესაძლებელია და რომლებიც უკვე რეაბილიტირებულია. ასეთი სახლებია– კახეთში, სამეგრელოში და ზოგჯერ თბილისშიც კი (იმ დევნლებისთვის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობდნენ თბილისში კოლექტიულ ცენტრებში)’’, – განმარტა ფერეტიმ.

ფერეტის გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, ვალტერ კაელინის სიტყვები მოყავს და განმარტავს, რომ იდეალურ შემთხვევაში, განსახლების პროცესისას დევნილებისათვის სამინისტრომ ისეთი ქმედებები უნდა განახორციელოს, რომლებიც მათთვის შემოსავლის მიღების წყარო გახდება, რაც ხელს შეუწყობს  დევნილთა ინტეგრაციას.

დევნილები კი უარს, ძირითადად, სწორედ იმის გამო აცხადებენ, რომ სხვა რეგიონებში გასახლებით ისინი შემოსავლის წყაროს დაკარგავენ, რაც მათ თბილისში 18–წლიანი ცხოვრების პერიოდში მოიპოვეს.

თბილისიდან გასახლების სანაცვლოდ, სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს.  

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში, ორი კორპუსია გარემონტებული, რომლებშიც ჯამში 41 ბინაა მოწყობილი.

გარემონტებული კორპუსი დევნილებისთვის ბაკურციხეში
გარემონტებული კორპუსი დევნილებისთვის ბაკურციხეში

კორპუსები, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შპს „მშენებელი 80“–მა  714  799 ლარად გაარემონტა. ბაკურციხეში კორპუსების რემონტი გასული წლის დასაწყისში დასრულდა, მასში კურორტ ახტალიდან გამოსახლებული დევნილები უნდა შეესახლებინათ, რაზეც დევნილებმა უარი თქვეს და ამის გამო გარემონტებული კორპუსები რამდენიმე თვის მანძილზე ცარიელი დარჩა. ბაკურციხეში დევნილების პირველი ნაკადი – რამდენიმე ოჯახი ორი თვის წინ შეასახლეს.

სამეგრელოში თბილისიდან გასახლებულ დევნილებს რამდენიმე ადგილზე სთავაზობენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს, მათ შორის წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში. ამ სოფელში 10 კორპუსი, რომლებშიც 273 ბინაა გარემონტებული. ისინი „ბლოკ ჯორჯიამ“ 4 052 000 ლარად  გაარემონტა. შპს „სანი“–მ კი, მუნიციპალური განვითარების ფონდთან 1 240 000 ლარზე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ამავე სოფელში მდებარე ახალი სამმართველოს შენობა, „ენგურჰესის“ საერთო საცხოვრებლის #1 და #2 კორპუსები, სოფელ მუჟავას საკრებულოს შენობა და სოფელ ჭალეს სამშენებლო უბანი, ჯამში, 110 ბინა გაარემონტა დევნილებისთვის.

სოფელ ფოცხო ეწერში მცხოვრები დევნილები გუშინ „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მოინახულა.

„აფხაზეთიდან დევნილთა 18 ოჯახი ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა.  ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არსებობს– სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა  ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებული პუნქტებს და, უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი არიან“ – ეს ინფორმაცია დღეს „ქართულმა პარტიამ“ გაავრცელა.

დევნილების გამოსახლების წინააღმდეგ დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე საათში დაიშალა. ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ხვალაც გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი