უკრაინიდან საქართველოს მიერ ელჩის გამოწვევას 9 მაისს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა.
“ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით მე მიჩნდება ავტომატური კითხვა – ან აქამდე რას აკეთებდა ის ელჩი გარდა იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ემსახურებოდა მერსედესების კორტეჟი და მიირთმევდა სალას და ბორშს?” – განაცხადა ნათელაშვილმა “მთავართან” საუბარში.
უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში გამოწვევაზე 8 მაისს გახდა ცნობილი.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.
9 მაისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისათვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები “ავატიურისტმა პოლიტიკოსებმა”.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.