ახალი ამბები

აშშ-ში კონგრესმენებს სურთ, ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ლი ვენლიანგის სახელი დაარქვან

9 მაისი, 2020 • 1297
აშშ-ში კონგრესმენებს სურთ, ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ლი ვენლიანგის სახელი დაარქვან

აშშ-ის კონგრესის — სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკელებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ჩინელი ექიმის — ლი ვენლიანგის სახელი მიანიჭონ, იუწყება Fox News.

ლი ვენლიანგი ჩინელი ექიმია, რომელმაც კორონავირუსის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რის გამოც მოგვიანებით ის პოლიციაში დაიბარეს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. იანვრის შუა რიცხვებში ვენლიანგს კორონავირუსი დაუდასტურდა, თებერვლის დასაწყისში კი ის დაავადებისგან გარდაიცვალა — „ნეტგაზეთი“ მის ისტორიაზე დეტალურად წერდა.

„ჩინეთის მთავრობამ სცადა გაეჩუმებინა ექიმი ლი ვენლიანგი, რომელმაც დიდი რისკის მიუხედავად, გაგვაფრთხილა კორონავირუსის საფრთხის შესახებ“, — აცხადებს წარმომადგენელთა პალატის წევრი უაიმონგიდან ლიზ ჩეინი.

„დიდი პატივია, წარვადგინო კანონპროექტი, რომ ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ექიმი ლის სახელი წოდოს. დაე იყოს ეს მუდმივი შეხსენება სამყაროსთვის და ჩინეთის მთავრობისთვის, რომ სიმართლე და თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს“, — წერს ჩეინი.

ჩეინის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში უკვე დაუჭირა მხარი ოთხმა რესპუბლიკელმა, სენატში კი აგრეთვე ოთხმა რესპუბლიკელმა ჩეინის კანონპროექტი წარადგინა — ტომ კოტონმა (არკანზასი), ბენ საშემ(ნებრასკა), მარკო რუბიომ (ფლორიდა) და მარშა ბლეკბერნმა (ტენესი).

„ჩინეთის საელჩოს წინ ქუჩის სახელის გადარქმევა უზრუნველყოფს, რომ ექიმი ლი არასდროს იქნება დავიწყებული და შეახსენებს ჩინეთის მთავრობასა და კომუნისტურ პარტიას რომ აშშ გვერდში დაუდგება ჩაგრულებს და არა მჩაგვრელებს“, — აცხადებს რუბიო.

„კანონპროექტი პატივს მიაგებს ცხონებულ ექიმ ლი ვენლიანგს, რომელმაც მსოფლიოს COVID-19-ის შესახებ აუწყა, სანამ ჩინეთის კომუნისტური პარტია გააჩუმებდა“, — აღნიშნავს სენატორი.


ბოლო დროს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩინეთის ხელისუფლებას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებენ ბრალს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ხშირად ადანაშაულებენ ჩინეთის პოზიციის დაჭერაში და კრიზისის არასწორ მენეჯმენტში. კორონავირუსის აფეთქების ქრონოლოგიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

როგორ დაიწყო და ვინ რას ამბობდა კორონავირუსის აფეთქებაზე

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც კორონავირუსზე განგაში ატეხა

მასალების გადაბეჭდვის წესი