ახალი ამბები

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი – გახარია

9 მაისი, 2020 • 1397
საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი – გახარია

“საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 მაისს. 

პრემიერმა  ასე უპასუხა კითხვას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის წერილზე და დასძინა, რომ “ “საქართველო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო, შეასრულებს”. 

ანდრიუს კუბილიუსმა 8 მაისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება, როგორც მემორანდუმის, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული განცხადების ნაწილში:

“შეთანხმების შესრულებაში პროგრესი კვლავ მისაღწევია, მათ შორის იმ ნაწილში, რომ “აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც მე უნდობლობის გაღრმავების კიდევ ერთ ნიშნად აღვიქვი. სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები არ ყოფილა სათანადოდ პასუხგაცემული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”, – წერს კუბილიუსი.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი