ახალი ამბები

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადება მეორე მსოფლიო ომზე

7 მაისი, 2020 • 1323
ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადება მეორე მსოფლიო ომზე

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა — კერსტი კალიულაიდმა, ეგილს ლევიტსმა და გიტანას ნაუსედამ ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიოს დასასრულთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც პატივს მიაგებენ ომის დროს დაღუპულ ადამიანებს და ნაციზმის დამარცხებაში მონაწილე პირებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნაცისტური რეჟიმი მსგავსმა ტოტალიტარულმა — კომუნისტურმა სისტემამ ჩაანაცვლა.

“ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები აღვნიშნავთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლისთავს, პატივს ვცემთ ყველა დაზარალებულისა და მოკავშირეების ჯარისკაცის მსხვერპლს, რომლებმაც 1945 წლის 8 მაისს ნაცისტური რეჟიმი დაამარცხეს და, შესაბამისად, გაათავისუფლეს ევროპის ბევრი ქვეყანა ოკუპაციისგან და დაასრულეს ჰოლოკოსტის საშინელებანი.

ომის შემდეგ მოხდა გაეროს ფორმირება — აღიარება, რომ საჭიროა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და მრავალმხრივი თანამშრომლობა, რათა დაცული იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და საერთო ღირებულებები. დასავლეთ ევროპამ დაიწყო გაერთიანებული, თავისუფალი, მშვიდობაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენასობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ევროპის შენება. ევროსაბჭო, NATO და რომის შეთანხმება ახალი ევროპის პირველი ფუძე იყო.

თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულება არ ყოფილა გათავისუფლების საწინდარი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისთვის. ერთი ტოტალიტარული რეჟიმი მეორეთი ჩანაცვლდა, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანეს.

ორმა დაუნდობელმა დიქტატორმა — ჰიტლერმა და სტალინმა- ევროპა გავლენის სფეროებად დაყვეს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პროტოკოლებით. 1939 წლის 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან შეთანხმების შედეგად მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ოკუპაცია, შემდეგ კი- ანექსია.

კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ თითქმის ნახევარი საუკუნე იყო. საბჭოთა კავშირი იყენებდა სამხედრო ძალას, რეპრესიებს, მასობრივ დეპორტაციებსა და ტოტალურ იდეოლოგიურ კონტროლს ბალტიისპირეთის ერების დამორჩილებისთვის.

საბჭოთა ოკუპაცია გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ჩვენი და მსოფლიოს მასშტაბით სხვა მოქალაქეების მშვიდობიანი და მიზანმიმართული მცდელობების წყალობით, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დამოუკიდებლობა 1990-91 წლებში აღდგა. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის ჯარმა ჩვენი ქვეყნები დატოვა,

მადლობას ვუხდით დასავლეთის 60-ზე მეტ ქვეყანას, რომელმაც ჩვენი ქვეყნების საბჭოთა ოკუპაცია დე იურე არ აღიარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არაღიარების პოლიტიკის განმაპირობებელი უელსის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს გამოქვეყნდა.

დღეს ჩვენი ქვეყნები ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილია. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ წარსულის ტრაგიკული გაკვეთილები. ხაზს ვუსვამთ სიმართლისა და სამართლიანობის მნიშვნელობას. ისტორიული მოვლენების არასწორად წარმოჩენამ, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა და მის შემდეგ გამოიწვია ევროპის დაყოფა, არის ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო, კანონზე დაფუძნებული წესრიგის არსებობას.

უარვყოფთ გავლენის სფეროების კონცეფციას და დაჟინებით ვითხოვთ ყველა ერის თანასწორობას. საერთაშორისო უსაფრთხოების იმპერატივი ითხოვს შეთანხმებული ნორმებისა და საერთაშორისო კანონების დაცვას, ისევე როგორც უპიროპო პატივისცემას ყველა სუვერენული სახელმწიფოსადმი და მათი უფლებისადმი, თავად აირჩიონ უსაფრთხოების ზომები და გაწევრიანდნენ კავშირებსა და ალიანსებში. ვიმეორებთ, რომ NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად და ტრანსატლანტიკური კავშირები ევროპის მომავალი სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვჯერა, რომ დასავლური დემოკრატიული ღირებულებები და ერთობა უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ყველა ევროპული სახელმწიფოს [წარმატებულ] მომავალს “— წერია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი