ახალი ამბები

თქვენი მოწოდება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს – თალაკვაძე კუბილიუსს

8 მაისი, 2020 • 1514
თქვენი მოწოდება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს – თალაკვაძე კუბილიუსს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის წევრს, ანდრიუს კუბილიუს საპასუხო წერილი გაგუზავნა. დოკუმენტში ის ევროპარლამენტარს მიუთითებს, რომ მისი მოწოდება ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას საქმეებთან დაკავშირებით “ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს .

კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება, როგორც მემორანდუმის, ისე – სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული განცხადების ნაწილში. კუბილიუსის თქმით, ოქრუაშვილის, რურუასა და უგულავას საქმეები 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

თალაკვაძე საპასუხო წერილში ამბობს, რომ  8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიკური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების კიდევ უფრო გამყარებისთვის, „განსაკუთრებით, მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში“.

„ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც.

საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს.

პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ“, – ამბობს თალაკვაძე წერილში.

თალაკვაძის თქმითვე, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი.

„როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი“, – ამატებს თალაკვაძე.

უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საქმეები 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი