ახალი ამბები

5 სარჩელი საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების (არა)კონსტიტუციურობაზე

8 მაისი, 2020 • 3125
5 სარჩელი საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების (არა)კონსტიტუციურობაზე

21 მარტიდან დღემდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 7 ათასამდე ფაქტი გამოავლინა. საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირები – 3 000, ხოლო იურიდიული პირები 15 000 ლარით დაჯარიმდნენ, თუმცა გამოწერილი ჯარიმები შესაძლოა, სადავო გახდეს. საქართველოს მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.


კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მთავრობის 23 მარტის №181 დადგენილების ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში 5 სხვადასხვა სარჩელია შეტანილი.

ყველა მომჩივანის აზრით, მათი კონსტიტუციური უფლებები შეიზღუდა ისე, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა ფორმალური კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოთხოვნები. მოსარჩილეები მიუთითებენ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული რეგულირებები არ იყო დადგენილი კანონით და, იმავდროულად, პარლამენტს არ შეეძლო აღნიშნული საკითხების რეგულირების უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირება.

საქმეა ის არის,  რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ დაამტკიცა და 2 მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა ჩაითვლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევად და გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრა და ექვს წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლითაც ზღუდავს, ან აჩერებს საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილ რიგ უფლებებს. სალომე ზურაბიშვილის დეკრეტით საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომლის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია ასევე პრეზიდენტის დეკრეტში გაიწერა.

1. მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

“2020 წლის 3 აპრილს  გადავადგილდებოდი სატვირთო ავტომობილით, ე.წ „ტრაილერით“, რითაც ვახორციელებდი ტვირთის გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე. საღამოს 21:00 საათის შემდეგ ავტობანზე გამაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც დამაჯარიმეს 3 000 ლარის ოდენობით, ე.წ. კომენდატის საათი დარღვევისთვის”, – წერს საქართველოს მოქალაქე მიხეილ სამნიძე თავის კონსტიტუციურ სარჩელში მთავრობის წინააღმდეგ.

სამნიძე სადავოს ხდის მთავრობის №181 დადგენილების ჩანაწერს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვის შესახებ, რამაც მოსარჩელის აზრით, მიმოსვლის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის დაცვის გარეშე შეზღუდა – რეგულირება არ იყო დადგენილი კანონით და საკანონმდებლო ორგანოს არ შეეძლო აღნიშნული საკითხების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს მთავრობაზე. შესაბამისად, სამნიძის აზრით, დაირღვა ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მხოლოდ იმ უფლებების შეზუდვა შეიძლება, რაც „გათვალისწინებულია კანონით“.

მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონით უფლებებში ჩარევის მოთხოვნას ანაცვლებს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებების შეზღუდვა გულისხმობს სწორედ დეკრეტით უფლებების შეზღუდვას, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლია უფლებათა მოქმედების როგორც გარანტიების შეჩერება, ასევე, უფლებებში ჩარევის ლეგიტიმური მიზნების კორექტირება ან/და გაფართოება.

“პრეზიდენტის ბრძანებითა და დეკრეტით, სხვა კომპეტენტურ ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის ორგანო, რომელსაც ენიჭება გარკვეული უფლებამოსილება, ასევე, ამ უფლებამოსილების ფარგლები, რათა არალეგიტიმურად და თვითნებურად არ მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში, პარლამენტმა აღნიშნული უფლებამოსილებები გადასცა მთავრობას, ხოლო მთავრობამ მიიღო სადავოდ გამხდარი კანონქვემდებარე აქტები. პარლამენტი ვალდებული იყო, არ დაეკანონებინა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომელშიც ზედმიწევნით და დეტალურად არ არის დადგენილი, თუ რა ფარგლებში შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, – ნათქვამია სარჩელში.

მოსარჩელის პოზიციით, საგანგებო მდგომარეობის კონსტიტიუციურ-სამართლებრივი შინაარსი და არქიტექტურა იმგვარადაა განსაზღვრული, რომ მთავრობის ვალდებულებაა, აღასრულოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემული და პარლამენტის მიერ დაკანონებული აქტები და არა თავისი შეხედულებით, აფართოოს ან ავიწროოს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის არეალი.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა დაცულია, სამნიძე ითხოვს, სასამართლომ მის შინაარსობრივ ნაწილზე იმსჯელოს.

[red_box]2. გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ[/red_box]

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებას, კერძოდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვას ასაჩივრებს გიორგი ჭაუჭიძე.

“უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ვთვლი, რომ დარღვეულია თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებულად Covid-19”, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

ისევე, როგორც მიხეილ სამნიძის სარჩელში, გიორგი ჭაუჭიძეც მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირებები ვერ პასუხობს ფორმალურ გარანტიებს, ვინაიდან არ არის დადგენილი კანონით.

[blue_box]3. პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ[/blue_box]

საქართველოს მთავრობის დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების და მძღოლის გვერდით ჯდომის აკრძალვის ნაწილში ასაჩივრებს პაატა ზანგურაშვილი. ის წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა, შვილი კი გვერდით ეჯდა, რისთვისაც პოლიციამ 3 000 ლარით დააჯარიმა.

გარდა მთავარი სადავო საკითხისა, რომ ადამიანის უფლებებში ჩარევა გათვალისწინებული არ იყო კანონით, ზანგურაშვილი სადავოდ ხდის შეზღუდვის პროპორციულობასაც.

“მსგავსი შეზღუდვით, ფაქტობრივად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, არ შეუძლიათ ავტომობილით ერთად გადაადგილება, თუ ისინი სამზე მეტნი არიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი, საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3,7 ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ, შეუძლებელია ადამიანის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში მომეტებული ჩარევის გარეშე ამ მიზნის მიღწევა. ასევე, დაუსაბუთებელია, წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა რატომ ქმნის საფრთხეს და არ ქმნის იგივე საფრთხეს უკანა სავარძელში ჩასხდომა, სადაც ორი ადამიანის გვერდიგვერდ მოთავსება დაშვებულია”, – ნათქვამია სარჩელში.

[gray_box]4. თეკლა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ[/gray_box]

თეკლე დავითულიანი, სამ მეგობართან ერთად, ქუჩაში შეკრებისთვის 3 000 ლარით 4 აპრილს დააჯარიმეს. იგი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით დაირღვა კონსტიტუციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ ყოფილა დაცული თანაზომიერების პრინციპი. მომჩივანის აზრით, ასევე, დაუსაბუთებელია მთავრობის მხრიდან, საჯარო სივრცეში შეკრება რატომ წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს, ვიდრე ოჯახში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

5. საია და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მთავრობის №181 დადგენილება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა გარკვეულწილად შეიზღუდა. კერძოდ ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები საჯარო განხილვის გარეშე უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მოსაზრებების წარდგენა კი შესაძლებელია ელექტრონულად.

საია მიუთითებს, რომ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით და არა დადგენილებით. საია ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაჩქარებული წესით იმსჯელოს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და არსებითი განხილვის საკითხზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, “მწვანე ალტერნატივამ” და საია-მ, ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და სადავო პროექტებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს. გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “საიას” და “მწვანე ალტერნატივის” განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სამინისტროს კანონმდებლობით შეუძლია გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშეც მიანიჭოს კომპანიებს ამა თუ იმ საქმიანობის უფლება, თუმცა ეს გზა არ აირჩია და საჯარო განხილვები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი მდგომარეობის გამო ვერ ტარდება, ონლაინ რეჟიმში გადაიტანა.

პოსტ-ფაქტუმ დარეგულირებული კანონმდებლობა

“დეკრეტი თუ საკმარისი, კანონიერი და კონსტიტუციური იყო, მაშინ პარლამენტმა 23 აპრილს რატომ მიიღო ზუსტად იგივე შინაარსის ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში? ხომ ლეგიტიმური კითხვაა”, – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს პარლამენტმა 23 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თანმდევ კანონებში, რომლითაც იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა განსაზღვრა. ამასთან, განმარტა, რომ პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგაც ინარჩუნებს ძალას და კანონთან შესაბამისობაში მოყვანას არ საჭიროებს.

“კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია კორონავირუსის გამო მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცედენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და სხვა შესაძლო ეპიდემიური შემთხვევებისას საფრთხის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას”, – ნათქვამი იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ალაფიშვილის თქმით, პარლამენტში თვითონ დაინახეს, რომ პრეზიდენტის დეკრეტს კონსტიტუციურობასთან პრობლემა ჰქონდა. ალაფიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი პრეზიდენტის უფლებამოსილებების გარდა, პრეზიდენტს არ აქვს დამატებითი უფლებამოსილება, შესაბამისად, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსებით გაუთვალისწინებელი, ახალი სამართალდარღვევის შემოღების და ამ სამართალდარღვევაზე სანქციის დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია. ამის მაგალითად იურისტი ასახელებს შემთხვევას, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის ოქტომბერში პარლამენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა წარუდგინა, პარლამენტმა კი პროცედურები შეწყვიტა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება კონსტიტუცით არ ჰქონდა.

“განა შეიძლება პრეზიდენტმა დეკრეტით თქვას, რომ ტერიტორიული წყლების პრივატიზება შეიძლება ან სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს სასამათლოს წინასწარი ბრძანება არ სჭირდება? რა თქმა უნდა, არ აქვს. პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის საფუძვლის პრევენციის ან აღმოფხვრის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება დადგინდეს (ანუ ის საკითხები, რაც დღეს მთავრობის დადგენილებით არის გაწერილი), მაგრამ ადმინისტრაციული/სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის და მასზე პასუხისმგებლობის შემოღება პრეზიდენტის დეკრეტით დასაშვები არ არის. ხოლო იმ საკითხების 70%-იც, მეტი თუ არა, რაც დღეს მთავრობის დადგენილებით რეგულირდება, ასევე, ანტიკონსტიტუციურია, ოღონდ სხვა საფუძვლით – პრეზიდენტს უნდა მოეწესრიგებინა და არა მთავრობას”, – ამბობს ალაფიშვილი.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ჯარიმების ნაწილში დეკრეტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და ამიტომაც არის არაკონსტიტუციური, მოქალაქეებს, რომლებიც დაჯარიმდნენ, შეეძლებათ მიმართონ სასამართლოს და გადახდილი ჯარიმა უკან დაიბრუნონ.

ამ თემაზე:

კარანტინის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაისჯება

მასალების გადაბეჭდვის წესი