ახალი ამბები

NGO-ები: საგანგებოს დასრულებამდე შეწყვიტეთ პრობლემური პროექტების განხილვა

6 აპრილი, 2020 • 2288
NGO-ები: საგანგებოს დასრულებამდე შეწყვიტეთ პრობლემური პროექტების განხილვა

არასამთავრობო ორგანიზაციები – “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

ორგანიაციების განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა 20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის/საქმიანობის სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს.

“იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულებრივ გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე”, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ 2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები.

საია და “მწვანე ალტერნატივა” აცხადებენ, რომ ამ უფლებების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და, შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა:

“ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს” ,- ამბობენ ორგანიზაციებში.

განცხადებაში საია და “მწვანე ალტერნატივა” აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საჯარო განხილვების გაუქმების მიუხედავად, საზოგადოებას მაინც აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თავისი მოსაზრებების წერილობით ან ელექტრონული ფორმით წარდგენის გზით.

“განმცხადებელი ორგანიზაციები განვმარტავთ, რომ მოსაზრებების გამოთქმა შეუძლებელია საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების გარეშე. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ინფორმირების შესაძლებლობები კი არასათანადოა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის გამო” ,- ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისად, ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნორმა და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი