საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია „კრიზისული ჯგუფი“ (International Crisis Group/ICG) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას მიმოიხილავს.
ICG აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე სხვადასხვანაირად უპასუხეს შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და, მათ თანახმად, სამხრეთ ოსეთში უკიდურად მძიმე ვითარებაა.
„განსხვავებები“
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მოუწოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დახმარებოდნენ ამ ორ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და განაცხადეს, რომ ხელს არ შეუშლიდნენ გადაადგილებას ამ რეგიონებიდან.
თუმცა სოხუმმა და ცხინვალმა სხვადასხვანაირად უპასუხეს ამ მზაობას. მაგალითად, ცხინვალმა თებერვალშივე აკრძალა გადაადგილება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის [სამხრეთ ოსეთში, 7 მაისის მდგომარეობით 11 შემთხვევაა დადასტურებული].
ორგანიზაციის თანახმად, ცხინვალისგან განსხვავებით, სოხუმმა [სადაც 6 მაისის მონაცემებით 3 შემთხვევაა დადასტურებული], იმის მიუხედავად, რომ რეგულარული მოძრაობა ჩაკეტა, სულ მცირე, 11 ადამიანს მისცა აფხაზეთის დატოვების საშუალება, რათა ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებულ კლინიკებში მოხვედრილიყვნენ. ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს Covid-19 დაუდგინდა.
„კრიზისული ჯგუფი“ წერს, რომ ცხინვალი არ გამოხატავს ჯანმოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილს და ამაზე მზაობას. „იმის გამო, რომ ეს ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობენ, დე ფაქტო მთავრობის ხედვით, მათთან თანამშრომლობა ძირს გამოუთხრის მათ მიერვე მოთხოვნილ დამოუკიდებლობას საერთაშორისო არენაზე“, – წერს ორგანიზაცია.
„სოხუმს კი განსხვავებული მიდგომა აქვს და დამოუკიდებლობის აღიარება-არაღიარების საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისგან განცალკევებულ საკითხად ასახელებს. მას წარმატებით უმუშავია ასეთ ორგანიზაციებთან და ბოლო თვეებში მოახდინა კიდეც გარე დახმარების მობილიზება“, – წერია 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„ვერ ვბედავთ ადგილობრივ ექიმებთან მისვლას“
Crisis Group-ის მიერ განხილული დე ფაქტო სახელმწიფოებს შორის სამხრეთ ოსეთი დასახელებულია, როგორც ყველაზე დიდი რისკის წინაშე მდგარი ტერიტორია: „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 17%, ხანდაზმულია. საავადმყოფოები უკიდურესად სუსტადაა ეკიპირებული. რეგიონის რამდენიმე ექიმიდან ერთ-ერთმა უარი თქვა მუშაობაზე საავადმყოფოში ძირითადი დამცავი საშუალებების არარსებობის გამო“…
„რუსეთმა, რომელიც [ზოგადად] რეგიონის საჭიროებების უმრავლესობას აკმაყოფილებს, მარტის დასაწყისში სამედიცინო მარაგების ექსპორტი შეწყვიტა. ადგილობრივი ჩინოვნიკის განცხადებით, სადეზინფექციო საშუალებები მცირე რაოდენობით იყო და დე ფაქტო ხელისუფლებამ ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებს სთხოვა სამედიცინო პირბადეებისა და დამცავი ტანსაცმლის შეკერვა.
მეტიც, რეგიონის ბევრ სამედიცინო სპეციალისტს წლების განმავლობაში არ გაუვლია შესაბამისი გადამზადება, არც კი აქვთ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აამუშაონ რუსეთიდან ჩამოტანილი 26 ვენტილატორი.
„ვერ ვბედავთ, რომ ადგილობრივ ექიმებთან მივიდეთ ტესტირებისთვის”, თქვა „კრიზისულ ჯგუფთან“ საუბარში ერთ-ერთმა რეზიდენტმა.
როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, რუსეთის სამხედრო ბაზამ სწრაფადვე დააწესა მკაცრი წესები, მათ შორის, კომენდანტის საათი ღამით; ამასთან, რუსი ჯარისკაცები იყენებენ პირბადეებსა და ხელთათმანებს… თუმცა სამხედრო ბაზის გარეთ პანდემიაზე პასუხი გაცილებით ნელი იყო:
ავტორები მიუთითებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ არ გააუქმა ჭიდაობის ახალგაზრდული ტურნირი, რომელიც 22-25 მარტს გაიმართა; ასევე წერია, რომ 25 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ასობით ადგილობრივი ჩინოვნიკი დაესწრო; გარდა ამისა, სკოლები და უნივერსიტეტები პანდემიის პირობებში იმაზე მეტხანს აგრძელებდა ფუნქციონირებას, ვიდრე სადმე სხვაგან მთელ სამხრეთ კავკასიაში.
უარი WHO-ს დახმარებაზე
ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთში მოქმედებს, „წითელი ჯვარია“. ICG-ის ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ უზრუნველყო ადგილობრივი საპატიმროსთვის სურსათის მიწოდება და გეგმავს, საკვები ხანდაზმულ მოსახლეობას მიაწოდოს, მათ შორის, შორეულ სოფლებში.
თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „წითელი ჯვარი“ მზადყოფნას გამოთქვამს, საქმიანობა გააძლიეროს, ადგილზე არ ჰყავს საკმარისი სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებების შესაფასებლად.
„როდესაც მარტის შუა რიცხვებში WHO ცდილობდა შეფასების ჯგუფის გაგზავნას რეგიონში, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა სპეციალისტების მიღებაზე, თუკი ისინი რუსეთიდან არ შევიდოდნენ, თბილისის მხარის ნაცვლად“, – წერია ანგარიშში.
„ცხინვალმა მას შემდეგ დაკეტა საზღვარი რუსეთთან. ის, თუ როგორ შევლენ WHO-ს თანამშრომლები რეგიონში, მნიშვნელოვან საკითხად რჩება“, – წერენ ავტორები.
„დე ფაქტო ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოსულ პირებთან თანამშრომლობა შეარყევს მათ პრეტენზიას დამოუკიდებლობაზე“.
„ამჟამად დე ფაქტო ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ დაფარონ ადგილობრივი ანაზღაურება და პენსიები, მაგრამ ეს თითქმის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაზე, რუსეთი კი ამჟამად თვითონ დგას მნიშვნელოვანი საშინაო მოთხოვნის წინაშე“…
დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ „კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებით სერიოზულ რისკს ქმნის და ხელს უშლის ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციასთან და გაეროს სხვადასხვა უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას. თუ ისინი ვერ მონახავენ მისაღებ კომპრომისს ჯანმოს სპეციალისტებისთვის, სულ მცირე, ინტერნეტით ან ტელეფონით მაინც უნდა დაუკავშირდნენ მათ, რათა მიიღონ საჭირო ინფორმაცია“…