ახალი ამბები

2 რუსი ჟურნალისტი ბელარუსიდან გააძევეს

7 მაისი, 2020 • 1042
2 რუსი ჟურნალისტი ბელარუსიდან გააძევეს

ბელარუსის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების, „პირველი არხის“ გადამღებ ჯგუფს აკრედიტაცია შეუჩერა, ორი ჟურნალისტი კი ქვეყნიდან გააძევა, იუწყება „ვედომოსტი“.

გამოცემის ცნობით, მიზეზი არის არხის მიერ ბელარუსში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაშუქება. ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ბელარუსში საკარანტინე და შემზღუდავი ზომები დაწესებული არაა.

რუსეთის „პირველ არხში“ მომხდარს ადასტურებენ და ამ მოქმედებებს „აბსოლოტურად უსაფუძვლოდ“ მიიჩნევენ.

თავდაპირველად, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ბელარუსულმა არხმა, „ბელარუს 1-მა“ გაავრცელა. მათ განაცხადეს, რომ რუსი კოლეგების მასალა „ყალბ ინფორმაციას“ შეიცავდა, ხოლო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უფრო მკაცრი ზომებისთვისაცაა მზად“.

იქამდე, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა: „პირველი არხი“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და „მიზანმიმართულად ძვრება ჩვენს პრობლემებში“.

რაც შეეხება „პირველი არხის“ სიუჟეტს, ის არხმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. რეპორტაჟის თანახმად, ბელარუსის მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებულ ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა, ნაჩვენები იყო კადრები სასაფლაოდან, სადაც, ჟურნალისტის განცხადებით, „უამრავი ახალი საფლავია”, ასევე- ლუკაშენკოს განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდით შეწუხებული არაა.

ბელარუსში კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

არაყი, აბანო და ჰოკეი – ლუკაშენკოს კორონავირუსთან “ბრძოლის მეთოდი”

მასალების გადაბეჭდვის წესი