ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, მარია კოლესნიკოვა ევროკავშირს მოუწოდებს ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებისკენ.
როგორც კოლესნიკოვა FT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები თავად ევროპის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. მისი თქმით, დასავლეთისგან იზოლაცია ბელარუსს რუსეთთან აახლოებს, გარდა ამისა, ეს დარტყმაა ბელარუსელებისთვის, რომლებიც ოდესღაც შენგენის ვიზებს იღებდნენ.
„რაც უფრო ძლიერია ბელარუსის იზოლაცია ევროპისგან, მით უფრო მეტად არის ის იძულებული, დაუახლოვდეს რუსეთს. ეს ბელარუსს ევროპისთვის ნაკლებად უსაფრთხოსა და პროგნოზირებადს ხდის“, – განაცხადა მარია კოლესნიკოვამ The Financial Times-თან ინტერვიუში.
კოლესნიკოვას თქმით, გაკვირვებულია იმით, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები აშშ-მა დაიწყო და არა ევროკავშირმა.
„როგორც ევროპული აზროვნების მქონე ადამიანს, არ მესმის, რატომ არ დაიწყო ევროპამ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები აშშ-ზე ადრე. აშკარაა, რომ გერმანიას, მაგალითად, ბევრად მეტი კავშირი აქვს ბელარუსთან, ვიდრე შეერთებულ შტატებს“,- განაცხადა მარია კოლესნიკოვამ.
კოლესნიკოვას თქმით, ბელარუსის იზოლაციის ევროპული პოლიტიკა ურტყამს ბელარუსელებს, რომლებიც ოდესღაც ყველაზე მეტ შენგენის ვიზას იღებდნენ.
მისი თქმით, ლუკაშენკო „პრაგმატული ადამიანია, რომელსაც ბიზნესის ენა ესმის“.
„თუ ის მზად არის გადადგას ჰუმანიტარული ნაბიჯები სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ, მათ შორის გაათავისუფლოს პატიმრები და დაუშვას ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უნდა განიხილებოდეს“, – აცხადებს კოლესნიკოვა.
თავად მარია კოლესნიკოვა ერთ-ერთია იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა. როგორც მარია კოლესნიკოვამ განაცხადა, პოლიტიკიდან არ მიდის და ახლა კონცენტრირებულია მინსკთან დიალოგის წინ წაწევაზე, განსაკუთრებით ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის საკითხებში.
„ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკიდან არ მივდივარ… ერთ დღეს რეჟიმი შეიცვლება და იმ დროისთვის იქ გადამწვარი მიწა არ უნდა დარჩეს. ჩვენ ნიადაგი უნდა მოვამზადოთ“, – აცხადებს კოლესნიკოვა.
კოლესნიკოვას თქმით, 2020 წელს ბელარუსში პროტესტმა იმის გამო ვერ გაიმარჯვა, რომ ბელარუსელ ჩინოვნიკებს უსაფრთხოების გარანტიები არ მისცეს და, შესაბამისად, ელიტაში განხეთქილება არ მოხდა. ამასთან, მისი თქმით, არანაკლები როლი ითამაშა რუსეთმაც.
ფოტო: AFP








