ახალი ამბები

არაყი, აბანო და ჰოკეი – ლუკაშენკოს კორონავირუსთან “ბრძოლის მეთოდი”

31 მარტი, 2020 • 1454
არაყი, აბანო და ჰოკეი – ლუკაშენკოს კორონავირუსთან “ბრძოლის მეთოდი”

კორონავირუსული დაავადების — COVID-19-ის გამო მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში ცხოვრების ჩვეული სტილი შეიცვალა: გამოცხადდა კარანტინი, მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია (ან სულაც აეკრძალათ) სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, დაიკეტა ყველაფერი, ბანკების, საფოსტო განყოფილებების, მაღაზიების და აფთიაქების გარდა, გადაიდო სპორტული ღონისძიებებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ ეხება ბელარუსს, იუწყება CNN.

როგორც ტელეარხი იტყობინება, „ევროპის ბოლო დიქტატორი”, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ჰოკეი, არაყი და აბანო კორონავისურის “საუკეთსო წამალია”.

ბელარუსში კვლავ ღიაა პარკები, რესტორნები და ბარები. მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის, სპორტული მატჩები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო, WHO) რეკომენდაციისა — ბელარუსის პრემიერ-ლიგა ამჟამად ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ერთადერთი საფეხბურთო ტურნირია.
ბელარუსში საფეხბურთო მატჩები მაყურებლების თანდასწრებით, ჩვეულ რეჟიმში ტარდება. 28 მარტი, მინსკი. ფოტო: EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH

ბელარუსში საფეხბურთო მატჩები მაყურებლების თანდასწრებით, ჩვეულ რეჟიმში ტარდება. 28 მარტი, მინსკი. ფოტო: EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH

თავად ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ განაგრძობს საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. ცოტა ხნის წინ, ჰოკეის თამაშისას, ლუკაშენკომ ინტერვიუ მისცა სახელმწიფო ტელევიზიას, სადაც განაცხადა, რომ „სჯობს ფეხზე დამდგარი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დავარდნილმა იცოცხლო“ და დასძინა, რომ „ეს [ჰოკეის მოედანი] მაცივარია, ჯანმრთელობისთვის კარგია, არაფერია სპორტზე უკეთესი, განსაკუთრებით კი- ყინულზე, რომელიც რეალური ანტივირუსული წამალია“.
CNN-ის ცნობით, ყინულის ანტივირუსული თვისებების გარდა, ლუკაშენკო COVID-19-თან ბრძოლის სხვა მეთოდებზეც საუბრობს — მისი თქმით, „ვირუსის მოსაწამლად“ არყის დალევა ან აბანოში წასვლააა საჭირო.
როგორც CNN წერს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების თქმით, ცალსახად არაა დადასტურებული, რომ კორონავირუსი შეიძლება მაღალ ტემპერატურაში დაიღუპოს, ლუკაშენკომ განაცხადა:
„ერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ხალხი უნდა დადიოდეს აბანოში ვირუსებთან საბრძოლველად, მათ შორის, ამ ვირუსთან [COVID-19], რადგანაც, როგორც ექსპერტმა მითხრეს, მას არ უყვარს მაღალი ტემპერატურა და 60 გრადუსზე მეტი სიცხის დროს კვდება“.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ ხელის სადეზინფექციო ხსნარის არქონის შემთხვევაში, ბელარუსულებს კიდევ ერთხელ შესთავაზა არყის დალევა.
ამ ყველაფრის გარდა, ლუკაშენკო აცხადებს, რომ შეწუხებულია, რა გავლენა იქონია ეკონომიკაზე კორონავირუსის გამო მიღებულმა ზომებმა. მისი თქმით, შთააგონა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ „COVID-19-ის წამალი არ უნდა იყოს უარესი, ვიდრე თავად ვირუსი“.
ბელარუსში ამჟამად კორონავირუსით დაავადების დადასტურებული 94 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო პრევენციული ზომებიდან ერთადერთი არის უცხო ქვეყანაში ჩამოსვლისას სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი.
თუმცა ლუკაშენკოს კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ხელისუფლება ნამდვილ ცნობებს მალავდეს.
რაც შეეხება არყის დალევას, ექიმების შეფასებით, მისი მიღება ვირუსთან საბრძოლველად არ შეიძლება, რადგან არანაირი ეფექტი არ აქვს და პირიქით, ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ფატალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ალკოჰოლის გამოყენება ვირუსის წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა საგნის დეზინფექციის მიზნით, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის 60%-70% სპირტს შეიცავს.
მთავარ ფოტოზე: ალექსანდრე ლუკაშენკო ჰოკეის თამაშობს, 28 მარტი, მინსკი. ფოტო: EPA-EFE/ANDREI POKUMEIKO / POOL

მასალების გადაბეჭდვის წესი