ახალი ამბები

არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს გარკვეული ტეხილი – ტიკარაძე ეპიდსიტუაციაზე

5 მაისი, 2020 • 1429
არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს გარკვეული ტეხილი – ტიკარაძე ეპიდსიტუაციაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაციის მხრივ არ არის არც პლატო და არც ვაკე, არამედ არის ტეხილი, რომელიც ყოველდღიურად ინფიცირებულების სხვადასხვა რიცხვს აღნიშნავს. ამის შესახებ ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, ეს არის ტერმინები, რომელიც ეპიდსიტუაციის აღსაწერად გამოიყენება. რეალურად ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი, რომელიც ყოველდღე აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა იქიდან გამომდიანრე, რომ ორი კვირის წინ ჩვენ ვაკვირდებოდით დაინფიცირებული ადამიანების მნიშვნელოვან ზრდას, რაც დღესდღეობით კლებაშია. თუმცა ამ კლების პროცესში ჩვენ გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც არის გარკვეული ნახტომი და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც 20 და 27 დაინფიცირებული გვყავს ერთ დღეში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ადრეა საუბარი იმაზე, გაუქმდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

საქართველოში 5 მაისის 11:20 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497.

მასალების გადაბეჭდვის წესი