ახალი ამბები

სამედიცინო პერსონალის 72 წარმომადგენელია Covid-19-ით ინფიცირებული

5 მაისი, 2020 • 858
სამედიცინო პერსონალის 72 წარმომადგენელია Covid-19-ით ინფიცირებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაინფიცირებული ადამიანის განხივლა პროფესიული ჯგუფის მიხედვით არასწორია. ამის შესახებ ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძემ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სამედიცინო პერსონალის 72 წარმომადგენელი კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

“ვთვლი, რომ დაინფიცირებული ადამიანის განხილვა, როგორც მისი უკვე პროფესიული ჯგუფის, არ არის სწორი, ვინაიდან ინფექციამ არ იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი და აქედან გამომდინარე სამედიცინო ეთიკის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი და გვქონდეს მაღალი სამედიცინო ეთიკა ამასთან დაკავშირებით და არ განვიხილოთ ეს ჯგუფები მსგავსად”, – განაცხადა ტიკარაძემ.

“თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის და ყველა იმ კლინიკებისთვის, სადაც მოხდა პერსონალის დაინფიცირება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი, თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი, რათა ჩვენ გავითვალისწინოთ როგორც ადამიანური ფაქტორი: ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მხრიდან ზუსტად შესრულება იმ გარკვეული პროცედურების და ზუსტად იყო თუ არა დაცული ყველა ის პროტოკოლი, რომელიც მოწოდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განამრტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალი ინფორმაციის არქონის გამო გამოძახებაზე მიდის სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, რომელიც მას კორონავირუსისგან დაიცავდა, ამის მიზეზი კი პაციენტების მხრიდან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა:

“აუცილებელია, რომ 112-ში დარეკვისას ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც ჩვენ გვაქვს, და აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ეჭვი, რომ ჩვენ ვართ კოვიდ ინფექციის რისკის ქვეშ. ამ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და ის მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ.

დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არ არის ცნობილი, თუ მისამართზე რა ტიპის პაციენტი ელოდებათ და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სამინისტრომ და ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები და უფრო მეტად, დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების გახსნილობა და გამჭვირვალობა”, – განმარტა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი