ახალი ამბები

მეზვრიშვილის თქმით, კომენდანტის საათის გარეშე მოქალაქეები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ

4 მაისი, 2020 • 1715
მეზვრიშვილის თქმით, კომენდანტის საათის გარეშე მოქალაქეები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საკარანტინე ზომების ამ დრომდე გაგრძელების მიზანი სოციალური კონტაქტების პრევენციაა. მეზვრიშვილმა “პირველი არხის”ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც კაფე-რესტორნები დახურულია, აღნიშნული ტიპის კონტაქტები სახლებში ინაცვლებს.

“როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან გართობის მიზნით აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია, დადიან ნათესავებთან, მეგობრებთან, ოჯახებთან და ა.შ. მიზანი იყო სოციალური დისტანციის შემცირება და კომუნიკაციის მაქსიმალურად არიდება. იმ პირობებში, როცა ბარები, რესტორნები, კაფეები დახურულია, ასეთი ტიპის პროცესები ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი გაცილებით რთულია.

არ თქვას არავინ, საზოგადოების წევრებმა, დღეს რომ კომენდანტის საათი 21:00-დან არ იყოს, ცდუნება არ ექნებათ იმისი, რომ მეზობლებთან გადავიდნენ, ახლობლებთან მივიდნენ, ნათესავებთან სუფრა გაშალონ, დრო გაატარონ და ა.შ.”, – თქვა მან.

Covid-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომლის მიხედვით მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩებში გადაადგილება  21 საათიდან დილის 06.00 საათამდე.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი