ახალი ამბები

დაჯარიმდება კომპანია, რომელიც დასაქმებულების დახმარებაზე არასწორ ინფორმაციას წარადგენს – მინისტრი

4 მაისი, 2020 • 1523
დაჯარიმდება კომპანია, რომელიც დასაქმებულების დახმარებაზე არასწორ ინფორმაციას წარადგენს – მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან იმ დასაქმებულების შესახებ, ვინც დროებითი ანაზღაურების გარეშე მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია, დაჯარიმდებიან გათვალისწინებული შეღავათის ორმაგი ოდენობით. ამის შესხებ მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ, ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და, მეორე მხრივ, გვექნება 6 თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება იმ ადამიანებზე, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და, ამავდროულად, ან დროებით არიან უხელფასო შვებულებაში, ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრება კომპანიას და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებული და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატება თვეში 1500 ლარს. მაგალითად, თუკი კონტრაქტით ხელფასი 1500 ლარი გქონდათ, საშემოსავლო გადასახადი (ანუ 1500 ლარის 20%) 300 ლარი გამოდიოდა, ხელზე ასაღები თანხა კი- 1200 ლარი. ახლა გამოდის, რომ ამ 1500-დან 750 ლარი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მხოლოდ დარჩენილი 750 ლარი დაიბეგრება. 750-ის 20% არის 150 ლარი. გამოდის, რომ 1500 ლარიდან მხოლოდ 150 ლარი დაიბეგრება. დაუბეგრავი რჩება 1350 ლარი.

მშრომელი თუ დამსაქმებელი – ვინ მიიღებს გამოთავისუფლებულ საშემოსავლოს

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური კრიზისის დროს დაკარგა ან ხელფასს ვერ იღებს, ყოველთვიური ანაზღაურების სახით 200 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი